მამუკა მდინარაძე: ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პირობებზე გააკეთა განმარტება.

„არანაირი პოლიტიკური საფუძველი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. მით უმეტეს, სიგიჟეა, რომ კანონის მიღება ამის საფუძველი [გახდეს]. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. ესენია:

1. არსებითად გაზრდილი რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ეთქვათ უარი ან დაუდგინდათ უკანონოდ ყოფნა;

2. არსებითად გაზრდილი რაოდენობა თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეებისა, რომლებსაც არ მიენიჭათ შესაბამისი სტატუსი;

3. შესატყვისი მონაცემებით დადასტურებული გაუარესებული თანამშრომლობა რეადმისიის საკითხებზე (გაუარესებული კი არა, 95%-იანი შესრულება გვაქვს);

4. მართლწესრიგსა და შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომატებული რისკი ან უშუალო საფრთხე, რომელიც მომდინარეობს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისგან, დაკავშირებული მძიმე დანაშაულებთან, რაც პასუხისმგებელი უწყებების ობიექტური, კონკრეტული და შესაბამისი ინფორმაციითა და ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.

რომელიმე საკითხთან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ შეიძლება საფუძვლად დაედოს [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას]? ხომ ზღაპარია და ზედმიწევნით პირნათლები ვართ ნებისმიერი მიმართულებით? აბა რატომ ატყუებთ ხალხს? რა გინდათ? რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, გაუქმება და შეჩერება?

თუ შეიძლება, არ მოვატყუოთ ეს ხალხი და ვუთხრათ, რომ ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარებმა იკადრეს საქართველოს მიმართ, რომელიც ვერ განხორციელდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები