პაველ ჰერჩინსკი: დღეს ევროპული საბჭოს სხდომა იმართება, საქართველო დღის წესრიგში არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ლიდერებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრონ

“საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. ქართველების გადასაწყვეტია ის, თუ რა კანონები ექნებათ ქვეყანაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც აქ, საქართველოში მიიღება. მაგრამ ნათელია, როგორც გუშინ, პრეზიდენტმა მიშელმა და ევროპის ბევრმა სხვა ლიდერმა განაცხადა, თუ ამ კანონის მიიღება მოხდება, იგი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროპული საბჭოს სხდომა იმართება, სადაც საქართველო დღის წესრიგში არ არის, თუმცა ელჩი არ გამორიცხავს, რომ ლიდერებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრონ.

„დღეს, 17 აპრილს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელებში იკრიბებიან. ევროპული საბჭოს სხდომა იმართება, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. ლიდერები სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, რომელიც ძირითადად ევროკავშირის შიდა მოვლენებს ეხება, ასევე უკრაინის საკითხსა და თურქეთთან ჩვენს ურთიერთობებს. ასე რომ, საქართველო დღის წესრიგში არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ეს ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ლიდერებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრონ.

მე უცხოელი დიპლომატი ვარ, ჩემი მოვალეობა საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიისთვის რჩევის მიცემა არ არის. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ის, თუ როგორი მომავალი სურთ ქვეყნისთვის. ჩემი როლი იმის წარმოჩენაა თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რა სარგებელს მოუტანს იგი ქართველ ხალხს და ასევე, აქ, საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებების სხვადასხვა შედეგების წარმოჩენაა. მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება საქართველოში უნდა მოხდეს, ქართველების მიერ და არა უცხოელების მონაწილეობით. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძოდა, ძალიან ბევრი თაობა იბრძოდა, რათა სრული დამოუკიდებლობისთვის მიეღწიათ, საკუთარი მომავალი თავად გადაეწყვიტათ და არა სხვას. ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლებას მხარს მტკიცედ ვუჭერთ, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ძირითადი ელემენტია, მაგრამ რომელიმე მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქართველოში არ მოხდება“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები