„ვცდილობ, ჩემს სტუდენტებს ისევე შევაყვარო ჩვენი მდიდარი სიტყვიერი საუნჯე, როგორც მე შემაყვარეს ჩემმა დიდებულმა პედაგოგებმა დიდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში“…

გურჯაანის რაიონის ველისციხეში დაიბადა. პირველი კლასი მახარაძეში დაასრულა. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ველისციხეში გადავიდა და ველისციხის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ბავშვობიდან ხალხური ზეპირსიტყვიერებისადმი სიყვარულს უკვალოდ არ ჩაუვლია – ფოლკლორისტიკა აირჩია…
საკანდიდატო დისერტაცია თედო სახოკიას ფოლკლორისტულ მოღვაწეობას მიუძღვნა, სადოქტორო დისერტაცია კი დაიცვა თემაზე: „ზნეობრივი პრობლემატიკა ქართულ ფოლკლორში“.
სხვა მკვლევრებთან ერთად წლების მანძილზე მონაწილეობდა ჭოროხის აუზის  თურქული ნაწილის ფართომასშტაბიან  კვლევაში. ხშირად სტუმრობს თურქეთელ ქართველებს.
250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ქართული ფოლკლორისტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებზე.  პარალელურად ეწევა  მთარგმნელობით საქმიანობას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორია. 2014 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
მიღებული აქვს პრემიები, მათ შორის, თედო სახოკიას და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიები… კოლექტიური მონოგრაფიისათვის „კლარჯეთი“ კრებულის ავტორები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 2018 წელს  დააჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის პრემიით.
მეცნიერის, მთარგმნელის, პედაგოგის და ფოლკლორისტის  –  თინა შიოშვილის პერსონა.

– გურჯაანის რაიონის კაჭრეთში დაიბადეთ. ოჯახი, მშობლებირა იყო საინტერესო ბავშვობიდან?
– დავიბადე გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში – დედულეთში, როგორც ქართულ ტრადიციებს შეესაბამება. მამა საკმაოდ ცნობილი იურისტი იყო. მისი პროფესიული სიკეთე 1966 წლის ზაფხულზე თუშეთში, სოფელ ომალოში, მეორე კურსზე გადასულ სტუდენტს წამომეწია: ფარსმიდან ომალომდე ფეხით ჩასულმა ფოლკლორული ექსპედიციის დაღლილ-დაქანცულმა წევრებმა იმხანად თითქმის ფარდულში განთავსებულ სასადილოში სული მოვითქვით; გვერდით მაგიდასთან მსხდომი გოლიათური აღნაგობის მწყემსები ჩვენით დაინტერესდნენ; ექსპედიციის ხელმძღვანელმა – განუმეორებელმა გიორგი (იურა) ჯაფარიძემ მოიბოდიშასავით“, თუში არავინ გვახლავს, მაგრამ კახელი უნდა გაგაცნოთო“. გვარი რომ გაიგეს, ერთ-ერთმა მათგანმა მამის სახელი და პროფესია მკითხა; ისიც დამადასტურებინა, რომ გარკვეულ წლებში მამა ახმეტის რაიონის პროკურორი იყო;
ბინდდებოდა, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, გავშალეთ საქალებო და სავაჟო კარვები და დასასვენებლად შევედით. დილაადრიან მესმის იურას ხმა: – თინიკო, გაიღვიძე, გამოდიო! გამოვედი და რას ვხედავ: მწყემსს, მე რომ მამის სახელი მკითხა, დიდებული ძღვენი მოურთმევია: ერთი ტომარა ომალური ნაქები „ბუხანკა პური“, ვეებერთელა გუდით თუშური ყველი,გატყავებული ცხვარი და კიდევ რაღაც სასმელები. გამიკვირდა“. – ჩათვალე, რომ შენმა მამიკომ გამოგიგზავნაო“, – მითხრა და დაგვემშვიდობა. თურმე, ვიდრე მე „გამომიძახებდნენ“, იურასთვის გაუნდვია ახმეტელ ვაჟკაცს: „ჩვიდმეტი წლისას ცხოვრება ამერია, ციხე მელოდა, მაგრამ საოცრება მოხდა – წამოდგა ახალგაზრდა პროკურორი იოსებ შიოშვილი; რატომღაც, მჯეროდა, პროკურორი დამიმძიმებდა სასჯელს, მაგრამ მოხდა სასწაული!
დღესაც ყურებში მესმის მისი სიტყვები: – განსასჯელი ჯერ ბავშვია, ციხეში რომ გავუშვათ, იქიდან როგორი ფსიქიკით დაბრუნდება, არ ვიცით. მე პირობით სასჯელს მოვითხოვო“. გადარჩენილა ეს კაცი ციხეს, რაც სიკეთისაკენ მისი შემობრუნების მიზეზი გამხდარა. „რომ არა ამ გოგონას მამა, ვინ იცის, სად ამომხდებოდაო სული“. სურსათ-სანოვაგე სასადილოს ჩავაბარეთ და მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სოფლიდან დაბრუნებულებს მსუყე ვახშამი გველოდა. ჩალხია ჩავლეიშვილმა და ოთარ (პეტკა) გამსახურდიამ უმალ გამოაცხეს სიმღერა, რომელიც ასე იწყებოდა: „პროკურორის ქალიშვილო, შიოშვილო თინაო“… – ეს იყო მათებური სამადლობელი თუშეთის მთებში „შიმშილს“ გადარჩენილ ექსპედიციაზე. ისე კი, აბა, ვინ დაგვამშევდა – თუშები მთაშიც და ბარშიც ხომ დიდებული მასპინძლები არიან!..
დედა – ლედიჟენ გაბიტაშვილი, განათლებით ფილოლოგი იყო, თუმცა, ვიდრე წამოვიზრდებოდით, ოჯახს პატრონობდა, უფასდებოდა კიდეც. (ჩემი ბავშვობა კახეთის ორ ულამაზეს სოფელს – ველისციხესა და მახარაძეს (სამწუხაროდ, ასე ერქვა მაშინ სოფელ გადრეკილს, რომელიც კაჭრეთის ზემოთ მდებარეობს და შეუდარებელი ბუნებით გამოირჩევა) – უკავშირდება, თუმცა, ველისციხე სოფელს არასოდეს ჰგავდა, უფრო ქალაქის ტიპის დასახლება იყო და არის თავისი უძველესი, სახიერი შენობა-ნაგებობითა და ინფრასტრუქტურით. ხუმრობა ხომ არ იყო, ამ დიდ, დაბად წოდებულ, დასახლებას, ორი უმდიდრესი კოლმეურნეობა პატრონობდა.
მამის სოფელში ბუნებასთან სიახლოვე მიხაროდა; გაზაფხულობით ენძელების, იების, ფურისულების, მარწყვის საკრეფად, „ლოპო-ლოპოს“ მოსაპოვებლად დავდიოდით და თმებში ვიწნავდით (ხუჭუჭთმიანს, სულ ნაწნავების უკმარისობა მაწუხებდა), ზამთარში ვციგაობდით და ასე შემდეგ.
ველისციხეში სახალხო თეატრის განუმეორებელი სპექტაკლები, ორი კინოთეატრის ამოუწურავი ფილმები, მუსიკალური სკოლა, რამდენიმე ბიბლიოთეკა და მეზობლის ბებია – საშო ბაბო მელოდა თავისი საოცარი ზღაპრების გუდით. შაბათ-კვირას, როცა მამას ეცალა, ალაზნის პირას მივყავდით;
ეს იყო განუმეორებელი სანახაობა წელიწადის ნებისმიერ დროს – გაზაფხულზე ზურმუხტოვანი კავკასიონის ძირას ატმის ყვავილებით ცეცხლწაკიდებული ალაზნის ველის ნახვას არაფერი სჯობს; ზამთრობით იქ გამეფებული სისპეტაკე სულში გეღვრება; შემოდგომაზე ხომ დახუნძლული ზვრების ბარაქით ხარობ და ამაყობ, ზაფხულში კი ალაზნის ხეობის მაცოცხლებელი სიოთი და მთებიდან გამოყოლილი სიგრილით ინათლები ალაზნის მადლიან ემბაზში.
– თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრეთრატომ ფილოლოგია?
– ბებიაჩემს უნდოდა, კბილის ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა, ბავშვობიდანვე მქონდა არჩევანი – ღრმად ჩავწვდომოდი ჩვენი ხალხის სიბრძნეს. მახსოვს, სულ პატარა, აბესალომისა და ეთერის ტრაგიკულ ისტორიას რომ ვისმენდი, გაუჩერებლად ვსლუკუნებდი…
პირველი კლასი მახარაძეში დავასრულე. შემდეგ საცხოვრებლად ველისციხეში გადავედით და ველისციხის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ეს იყო ჩემი ოცნება და ავისრულე კიდეც – ჩემი ცხოვრების საუკეთესო თხუთმეტი წელი ამ ქათქათა ტაძარში გავატარე დიდებული ადამიანების გვერდით – ჩვენ ხომ ბუმბერაზი მეცნიერები და პედაგოგები გვზრდიდნენ…
ფოლკლორისტიკა აირჩიეთრა იყო საინტერესო სტუდენტობის წლებიდან?
–   მეორე კურსიდან სპეციალიზაცია იწყებოდა და მე ფოლკლორისტიკა ავირჩიე. ჩემი არჩევანი განაპირობა ერთის მხრივ ბავშვობიდანვე ზეპირსიტყვიერებისადმი ჩემმა დაუოკებელმა სწრაფვამ და კიდევ უფრო მეტად – პირველი კურსიდანვე ჩემი აღმზრდელის – პროფესორ ქსენია სიხარულიძისადმი უდიდესმა სიყვარულმა. არასოდეს დამავიწყდება პირველი ლექცია – ფერიასავით შემობრძანდა და საოცარ სამყაროში გადამიყვანა… ნარნარა, ტკბილი, განუმეორებელი ხმით გვიამბობდა იმ საოცარ სამყაროზე, ქართული ხალხური სიტყვიერება რომ ჰქვია…
სტუდენტობის წლები, მართლაც, განუმეორებელი იყო. აქედან იწყება ჩემი ფოლკლორული კალმასობებიც, რაც დღემდე მომყვება.

– „თედო სახოკიას ფოლკლორისტული მოღვაწეობაიყო საკანდიდატო დისერტაციის თემა
– პირველივე კურსიდან თითქმის ყველა (ზაფხულისა და ზამთრის) ფოლკლორული ექსპედიციის წევრი ვიყავი. ბუნებრივია, ყველა ჟანრისადმი დიდი სიყვარული გამაჩნდა, მაგრამ იმთავითვე გამოიკვეთა ჩემი გატაცება მაგიური პოეზიით; მახსოვს, ფშავის ექსპედიციაში იურა ჯაფარიძემ გამალექსა: „თინათინ ლოცვებს აგროვებს, ლექსისთვის ვეღარ იცლისა“…
საკანდიდატო დისერტაციის თემადაც, ქალბატონ ქსენიასთან შეთანხმებით, ქართული ხალხური შელოცვები შეირჩა, სამეცნიერო საბჭოზეც დამტკიცდა და დიდი ენთუზიაზმითაც ვმუშაობდი, მაგრამ სულ მალე საკავშირო ცეკამ რაღაც დადგენილება მიიღო მაგიურ-რელიგიური პრობლემებისადმი დამოკიდებულების თაობაზე და ქალბატონი ქსენია შეშინდა, ვაითუ დაცვის შემდეგ მოსკოვმა არ დაგვიმტკიცოსო; იმ დროს დაცული დისერტაციის რუსული ვარიანტი იგზავნებოდა საბჭოეთის დედაქალაქში, რათა ეგრეთ წოდებულ „უმაღლეს საატესტაციო კომისიას“ დაემტკიცებინა მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი. ჰოდა, დღის წესრიგში დადგა ჩემი სადისერტაციო თემის შეცვლა. ცოტა კი განვიცადე, მაგრამ ქალბატონმა ქსენიამ დამამშვიდა, სულ ასე არ იქნება და სადოქტოროდ დავიტოვოთ ეს თემაო.
იმხანად ჩემი მეგობარი, უკვე უნივერსიტეტში ცნობილი  და პედაგოგი შუქია აფრიდონიძე და დედამისი – ქალბატონი თინა სახოკია თედო სახოკიას არქივს ამზადებდნენ ხელნაწერთა ინსტიტუტისათვის გადასაცემად. ზოგჯერ მეც ვეხმარებოდი და აღმოვაჩინე, რომ თედო სახოკიას არქივში, გარდა გამოქვეყნებულ ნაშრომთა ხელნაწერებისა, უამრავი გამოუქვეყნებელი ზეპირსიტყვიერი მასალა იყო და გადავწყვიტე, ახალ თემად თედო სახოკიას ფოლკლორისტული მოღვაწეობა შემერჩია.
ბუნებრივია, გაუხარდათ შუქიასა და ქალბატონ თინას; მეც ორ დღეში დისერტაციის გაფართოებული გეგმა დავწერე და ქალბატონ ქსენიას მივუტანე. მანაც ძალიან  გაიხარა და ეს თემა სასწრაფოდ დამიმტკიცეს. ჩემი პირველი მონოგრაფიაც – „თედო სახოკიას ფოლკლორისტული მოღვაწეობა“ (1987წ.) ამ ისტორიის შედეგია. მასში შესწავლილია ამ სასიქადულო მამულიშვილის, მწერლის, მთარგმნელის, ეთნოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის მიერ ჩაწერილი როგორც გამოქვეყნებული, ისე არქივში დაცული ჟანრობრივად მდიდარი ზეპირსიტყვიერი მასალა.
– სადოქტორო დისერტაცია დაიცავით თემაზე: „ზნეობრივი პრობლემატიკა ქართულ ფოლკლორში“ და თედო სახოკიას სახელობის პრემია მოგენიჭათ…
– სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა უკვე ჩემი ცხოვრების ბათუმურ ეპოქას ეკუთვნის. ოჯახურმა გარემოებებმა მოითხოვა, ბათუმში გადავსულიყავი. ბუნებრივია, მეძნელებოდა დედაუნივერსიტეტის დატოვება, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი აღმზრდელისა და ხელმძღვანელის – პროფესორ ქსენია სიხარულიძის გარდაცვალების შემდეგ თითქოს აღარც მეჩემებოდა იქაურობა… ბათუმმა სითბოთი და სიყვარულით მიმიღო. მახსოვს, აკადემიკოსმა დავით ხახუტაიშვილმა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტს თავკაცობდა, მითხრა, „ჩვენ აქ მეცნიერებს ვზრდით და თქვენ უკვე შემდგარი მეცნიერი ჩამობრძანდითო“.
პარალელურად ბათუმის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს; მაშინ ძალიან აქტუალური იყო საუბარი „კომუნისტურ აღზრდაზე“. რაკი ფოლკლორისტი ვიყავი, მთხოვეს სათანადო სალექციო კურსის დამუშავება. „კომუნისტურის“ რა მოგახსენოთ და, ამ სპეცკურსს დავარქვი – „ქართული ფოლკლორის ზნეობრივი პრობლემატიკა“.
ამ თემამ ძალიან გამიტაცა, 20 წელი მოვანდომე მასზე მუშაობას და 2003 წელს ქართული ლიტერატურის უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაციად; ეს გამოკვლევა – „ქართული ფოლკლორის ზნეობრივი სამყარო“  ორ ტომად (2002, 2004წ.წ) დაიბეჭდა, რისთვისაც მომენიჭა თედო სახოკიას სახელობის პრემია.
სხვა მკვლევრებთან ერთად წლების მანძილზე მონაწილეობთ ჭოროხის აუზის თურქული ნაწილის ფართომასშტაბიან კვლევაში, წარმატებით განხორციელდა პროექტები – „შავშეთი“ (2008-2010 წლები) დაკლარჯეთი“ (2013-2016 წლები); მესამე საფეხური იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ერთობლივი მონოგრაფიატაო“, ალბათ უკვე მუშაობთ პროექტის მეოთხე საფეხურზეც
– დიახ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის (ხელმძღვანელი – პროფესორი მამია ფაღავა) მეცნიერები ორ ათეულ წელზე მეტია, კომპლექსურად ვსწავლობთ ჭოროხის აუზის ისტორიულ ქართულ რეგიონებს; მართლაც, წარმატებით დავასრულეთ სამეცნიერო პროექტები: „შავშეთი“ (2008- 2010 წწ), „კლარჯეთი“ (2013-2015წწ), „ტაო“ (2016-2019 წწ); ამასთანავე, ძალზე მნიშვნელოვანი პროექტები: „მუჰაჯირობის ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“ (2012-2016 წწ), „მარადიდი“ (2016-2019 წწ), რომლებსაც მოჰყვა ვრცელი კოლექტიური მონოგრაფიები: „შავშეთი“ (2011წ.), „კლარჯეთი“ (2016 წ.), „ტაო“ (2020წ.) „მარადიდი“ (2020წ.), „ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თურქეთში – მაჭახლელი მუჰაჯირები“ (2017 წ.); პროფესორ მამია ფაღავას მონოგრაფიები: „შავშური ჩანაწერები“ (2011წ.), „კლარჯული ჩანაწერები“ (2017წ.), „ტაოური ჩანაწერები“ (2021წ.); პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის მონოგრაფია „ხანძთა და „ათორმეტ სავანეთა“ ძველი სალოცავები“ (2015წ.); პროფესორების – მამია ფაღავას, მერი ცინცაძისა და მაია ბარამიძის მონოგრაფიები: „ქართული ენის შავშური დიალექტი“ (2022წ.), „ქართული ენის კლარჯული დიალექტი“ (2023წ.) და ჩემი მონოგრაფიები: „შავშური ფოლკლორი“ (2016წ.), „კლარჯული ფოლკლორი“ (2017წ.), „ტაოური ფოლკლორი“ (2022წ.).
აქვე სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ კოლექტიური მონოგრაფიისათვის „კლარჯეთი“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 2018 წელს  კრებულის ავტორები დაგვაჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის პრემიით.
ჭოროხის ხეობის კვლევის ბოლო ეტაპია ისტორიული სპერის შესწავლა 2024-20026 წლებში. ამის განსახორციელებლად ჩვენი გუნდი გამარჯვებულია სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფოს სამეცნიერო გრანტების 2023 წლის კონკურსში, რაც უნდა დაგვირგვინდეს ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევით „სპერი“; ასე რომ, ამ ზაფხულს სპერსაც ვეწვევით.
საველე ექსპედიციის გზით აგროვებთ მასალებს. თურქეთელ ქართველებს ხშირად სტუმრობთ. რამდენად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, წესჩვეულებებს?
– ეს მტკივნეული საკითხია. თურქეთელმა ქართველებმა, იმისდა მიხედვით, ისტორიულ ქართულ კუთხეთა მკვიდრნი არიან თუ ცენტრალური თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები,  სოფლად ბინადრობენ თუ კარგახნიანი ურბანიზაციის შედეგად სხვადასხვა ქალაქს შეეხიზნენ, მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს წინაპართა ტრადიციები. ისიც გასათვალისწინებელია, რამდენად თანხვედრაშია ეს ტრადიციები მათ ამჟამინდელ რელიგიურ მრწამსთან. მიუხედავად ამისა, ჩვენდა სასიხარულოდ, ზოგი ისეთი წეს-ჩვეულება და მათთან დაკავშირებული ზეპირსიტყვიერებაც შემოინახეს, რომლებიც საქართველოში კარგა ხანია, მივიწყებულია.
ერთ მათგანზე მოგახსენებთ: გასული საუკუნის 60-იან წლებში საქორწილო ზეპირსიტყვიერებაზე დაწერილ ნაშრომში პროფესორი ქსენია სიხარულიძე გულისტკივილით მიანიშნებდა, რომ ტრადიციული საქორწილო წეს-ჩვეულების ერთ-ერთ აუცილებელ რიტუალს – მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსათხოვარ სიმღერა-გოდებას ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. საბედნიეროდ, ძირძველ ქართულ კუთხეებში – იმერხევსა და კლარჯეთში დაფიქსირდა რიტუალიც და მასთან დაკავშირებული ლექს-სიმღერათა ვარიანტებიც, რაც განხილულია ჩემს მონოგრაფიებში.
ჩვენებურებისაინტერესოა, თუ გისაუბრიათ მათთან ტაოკლარჯეთის თუნდაც ძეგლების აღდგენის პრობლემებზე, მოვლაპატრონობაზე?
– ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა, ბუნებრივია, ჩვენებურთა კომპეტენცია ვერ იქნება, თუმცა, იქაც არიან გულანთებული „გურჯები“, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ და ცდილობენ კიდეც, სახელმწიფოს ყურამდე მიიტანონ ეს ყოველივე.
– 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ხართ ქართული ფოლკლორისტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებზე. რომელ ნაშრომებზე ისაუბრებდით თავად?
– როგორც დედას – შვილები, მეც ყველა ჩემი ნაფიქრ-ნააზრევი, პირველკურსელის გამოუცდელი კალმით დაწერილიდან ვრცელ მონოგრაფიებამდე, მეძვირფასება; თუმცა, თუ მაინცდამაინც არჩევანი უნდა გავაკეთო, გამოვარჩევდი გასულ წელს დაბეჭდილ „ქართული ზეპირსიტყვიერების“ სახელმძღვანელოს, რომელიც ქალბატონი ქსენია სიხარულიძის ხსოვნას მივუძღვენი. მართალია, 1996 წელს გამოცემული ქართული ხალხური გამოცანების კრებულიც – „ვინც ამას ვერ გამოიცნობს“… – ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელს ეძღვნება, მაგრამ ვთვლი, ჩემი მრავალწლიანი შრომის ყველა შედეგი ამ დაუვიწყარი, ამაგდარი ადამიანის სიკეთის ნაყოფია. მთელი შეგნებული სიცოცხლის მანძილზე  მის წინაშე ვალში ვგრძნობ თავს;
ჩემი პედაგოგიური,  სამეცნიერო თუ საველე გარჯილობის ყოველი ნიუანსისას სულ მის სპეტაკ სულს ვაბარებ ანგარიშს; ვფიქრობ, ზესთასოფელში შეხვედრისას პირნათლად წარვდგები ჩემი დიდებული აღმზრდელის წინაშე.

ეწევით მთარგმნელობით საქმიანობას. რომელ ნაწარმოებებს გამოარჩევდით? ამ ბოლო დროს თარგმნით ომარ ხაიამს… 
– თავისუფალ დროს ვცდილობ, ჩემთვის საინტერესო ავტორთა ნაწარმოებები ვთარგმნო. ახალგაზრდობაში დეტექტივებით ვიყავი გატაცებული, ვთარგმნე და გამოვეცი აგათა კრისტის დეტექტიური მოთხრობების კრებული, ვთარგმნიდი რუს და უკრაინელ პოეტთა ლექსებსაც.ვთარგმნე, აგრეთვე, მიხეილ რომის „ოთხი შეხვედრა ნიკიტა ხრუშჩოვთან“, ლიონ ფოიხტვანგერის „მოსკოვი -1937“, იაკობ ეკერის „ბიბლიური ისტორია ყრმათათვის“. რუსეთის იმპერიის რღვევას, მრავალ სიკეთესთან ერთად, საბჭოური იდეოლოგიისაგან შერისხულ შემოქმედთა ახლოს გაცნობაც მოჰყვა და შევუდექი ვლადიმერ ვისოცკის ლექსების თარგმნას, რაც 2005 წელს დაგვირგვინდა სოლიდური კრებულით „მე დავბრუნდები“.
რაც შეეხება ომარ ხაიამითა და ზოგადად აღმოსავლური ლირიკით დაინტერესებას, ამ სიკეთის შემოქმედი გახლავთ ცნობილი მთარგმნელი, ლიტერატორი და, რაც მთავარია, სანთელივით პიროვნება აღმოსავლეთმცოდნე ალექსანდრე ელერდაშვილი. მან ჩამოაყალიბა ქართული ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაცია, რომლის წევრობის პატივი მეც მხვდა წილად.
ბატონი ალექცანდრე სპარსოლოგი ბრძანდებოდა და გვანებივრებდა საუკეთესო პწკარედებით; ომარ ხაიამით ჩემი დასნებოვნებაც მაშინდელია და აქამდე გრძელდება. სულ მალე დაისტამბება ხაიამის ჩემეული თარგმანების კრებული, რომელიც ბატონი ალექსანდრეს ხსოვნას ეძღვნება; მასვე ვუძღვენი 2021 წელს გამოცემული თარგმანების კრებული „სპეკალი“, რომელშიც, აღმოსავლური ლირიკის გარდა, შესულია სხვადასხვა ეპოქათა მსოფლიოს გამოჩენილ პოეტთა ლექსების ჩემეული თარგმანები.
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი ხართ და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობთ. რას გვეტყოდით ქართველოლოგიის ცენტრის საქმიანობაზე? რაზე გაამხვილებდით ყურადღებას პედაგოგიური საქმიანობიდან?
 ქართველოლოგიის ცენტრის საველე და საგამომცემლო  საქმიანობაზე, ფაქტობრივად, უკვე ვისაუბრე.  ჩვენი გუნდი, პროფესორ მამია ფაღავას თავკაცობით, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მასპინძელია და, შესაბამისად, გამოცემული გვაქვს ჩვენი ცენტრის 13 სამეცნიერო „კრებული“; მიმდინარე წლის შემოდგომისათვის მზად გვექნება მე-14 ტომიც. ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო „კრებულებში“ დაბეჭდილი  ნაშრომები, ჩვენს სხვა სამეცნიერო მონაგართან ერთად, ბუნებრივია, დიდად ეხმარება ჩვენს სტუდენტებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს და მთლიანად ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, რამდენადაც ფართო მეცნიერული კოორდინაცია გვაქვს სხვა სასწავლო თუ სამეცნიერო ორგანიზაციებთან.
პირველკურსელებთან ურთიერთობას „ქართველოლოგიის შესავლის“ სწავლებით ვიწყებ; მეორე კურსზე ვასწავლი „ქართულ ზეპირსიტყვიერებასა“ და შემდეგ – „ქართულ მითოლოგიას“.
ვცდილობ, ჩემს სტუდენტებს ისევე შევაყვარო ჩვენი მდიდარი სიტყვიერი საუნჯე, როგორც მე შემაყვარეს ჩემმა დიდებულმა პედაგოგებმა დიდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.

მიღებული გაქვთ თედო სახოკიას და მემედ აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიებირომელ პრემიას ან ჯილდოს გამოარჩევდით თავად?
– ჯილდოს, მით უფრო პრემიას სამეცნიერო ნაშრომისათვის, ვფიქრობ, ვერანაირ განზომილებაში მოვაქცევთ. თედო სახოკია სახელობის პრემია მომენიჭა ორტომიანი მონოგრაფიისათვის „ქართული ფოლკლორის ზნეობრივი სამყარო“; მემედ აბაშიძის სახელობის პრემია – მონოგრაფიისათვის „სტუმარმასპინძლობა ქართულ ფოლკლორში“, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის  პრემია – კოლექტიური მონოგრაფიისათვის „კლარჯეთი“ ქართველოლოგიის ცენტრის  სხვა მეცნიერებთან  (მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მალხაზ ჩოხარაძე, ნუგზარ მგელაძე, რამაზ ხალვაში, მაია ბარამიძე, შოთა მამულაძე, ზაზა შაშიკაძე და ჯემალ კარალიძე) ერთად.
ყველა ეტაპზე ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს და დღემდე მომყვება ის ვალდებულების გრძნობა, რასაც ამ დიდი ადამიანების სახელობის პრემიების მინიჭებით ვიგრძენი და რაც, ბუნებრივია, ძალასაც მმატებს.

– ბათუმითქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით თქვენს ქალაქში?
ბათუმი ძალზე გულთბილი ქალაქია, მშვიდი, წყნარი. ბოლოდროინდელმა მრავალწახნაგა ვითარებამ ხალხმრავალი კი გახადა, მაგრამ სიკეთისადმი ღვთივ ბოძებული ტრადიციული ერთგულება მაინც ვერ დაავიწყა.
იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, მოსაწონსა და დასაწუნს რა დალევს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენს ზღვისპირა ქალაქს მაინც კეთილმოსურნეობა ასულდგმულებს და დღევანდელობის ერთ-ერთი მთავარი ქართული ძარღვი აქაც ძალუმად ფეთქავს.
ჰობი
– ჩემი ჰობი სამზარეულოში ფუსფუსია, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩემებურად ვეღარ ვახერხებ – ან უნივერსიტეტში ვარ, ან – ექსპედიციებში.
– ოჯახის წევრები… შვილიშვილები…
– მეუღლე, ალექსანდრე ჩხარტიშვილი, ფიზიკოსია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო პოზიციებზე, ამჟამად პენსიონერია, სს „გამომცემლობა აჭარის“ დირექტორი.
ქალიშვილი – ეკატერინე ჩხარტიშვილი მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორი; რძალი – ნონა ვარშალომიძე მედიკოსია; უფროსი შვილიშვილი – ქეთევან ჩხარტიშვილი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტია; უმცროსი შვილიშვილი – ნატალია ჩხარტიშვილი წელს ამთავრებს ბათუმის მეორე საჯარო სკოლას, წარჩინებული მოწაფეა, მედლის კანდიდატი; მათი მამიკო – იოსებ ჩხარტიშვილი ზეციური საქართველოდან ხარობს ქალიშვილების წარმატებებით…
 რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმები
– დავასრულე მონოგრაფია „ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ფოლკლორი“ და, ალბათ, წლის ბოლომდე შევძლებ გამოცემას. გავაგრძელებ მუშაობას კარგა ხნის წინათ დაწყებულ მონოგრაფიაზე „ქალი ქართულ ფოლკლორში“, რომელიც მას შემდეგ, რაც  სარფის კარი გაიხსნა და ჩემს მეგობრებთან ერთად ისტორიული საქართველოს რეგიონებისა და მუჰაჯირთა შთამომავლების შესწავლა დავიწყე, დასრულებას ელოდება; პარალელურად ვიმუშავებ მონოგრაფიაზე, რომელშიც წარმოჩენილი იქნება სხალთა-ხიხაძირის ხეობის ზეპირსიტყვიერება.
ამასობაში კი, სამი წლის განმავლობაში, სპერი უნდა შევისწავლოთ, რასაც, ბუნებრივია, სათანადო პუბლიკაციები მოჰყვება.

                                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები