ანჯეი დუდა: პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების საბჭოთა რაკეტები გადასცეს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების საბჭოთა რაკეტების გადაცემაზე ისაუბრა.

მოლაპარაკებები ვილნიუსში იმ დროს გაიმართა, როდესაც რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო დარტყმამ კიევის რეგიონში მდებარე ტრიპოლსკის თბოსადგური გაანადგურა.

„დღეს ორმხრივი შეხვედრის დროს პრეზიდენტთან განვიხილავდით გარკვეულ საშუალებებს. არის რაკეტები ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, ისინი პოლონეთის მარაგშია. ჩვენ განვიხილეთ მათი გადაცემა უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხარდასაჭერად. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ, ამ საკითხის განხილვას გავაგრძელებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან პრეზიდენტ დუდას ენერგეტიკულ ობიექტებზე გასულ ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისა და ხარკოვში არსებული მძიმე ვითარების შესახებ აცნობა. ზელენსკის თქმით, მან დუდას უთხრა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება პარტნიორების მხარდაჭერა, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები