თურქეთი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს სამშვიდობო ხელშეკრულების საკუთარ პროექტს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის ტექსტი ამჟამად სამივე მხარეს, თურქეთს, რუსეთსა და უკრაინას აქვს. აღნიშნული პროექტი სტამბოლში გამართული პირველი მოლაპარაკებების შედეგია. ახალ ტექსტში 2022 წლის მაისის ზოგიერთი ფორმულირება შევიდა.
„ნოვაია გაზეტა ევროპას“ წყაროს ინფორმაციით, გეგმა სავარაუდოდ, რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის მხარდაჭერას მოიპოვებს და იგი წარედგინება „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებსაც.
თურქეთის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, აშშ და რუსეთის იღებენ ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ისინი ასევე განაახლებენ „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების“ მოქმედებას (START-3) მომავალში მისგან ცალმხრივი გასვლის შესაძლებლობის გარეშე; სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ნებისმიერი გზით ჩარევის აკრძალვა, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მისი ხელისუფლების დესტაბილიზაცია; ომის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ; 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებები: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეროვნული რეფერენდუმი, ასევე რეფერენდუმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე; უკრაინის უბლოკო სტატუსის გარანტიები 2040 წლამდე; პატიმრების გაცვლა „ყველა ყველაზე“ ფორმულით; რუსეთი არ აპროტესტებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს უკვე მეცხრე მსგავსი პროექტია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული შეთავაზება მიღებული იქნება.