ვასილ ჩიგოგიძე – დავით ბეშიტაიშვილს: თეატრი პოლიტიკური მოსაზრების მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე ვასო აბაშიძის დრამატული თეატრის მსახიობს, დავით ბეშიტაიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და თეატრში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
ჩიგოგიძის თქმით, ახალგაზრდებს უკეთ უნდა ესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას.
„სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც, თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ“, – წერს ჩიგოგიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, 9 აპრილს, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში სპექტაკლ „მეფე ლირის“ დასრულების შემდეგ, მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა დარბაზში მყოფ მაყურებელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა აბსოლუტურად, იმის გამო, რომ ერთმა კაცმა და მისმა ქვეშევრდომებმა კმაყოფილება ნახონ – არა რუსულ კანონს!“.