მაკა ბოჭორიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან დიდი გამარჯვებაა
სტრასბურგის სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთს ეკისრება ბევრი პასუხისმგებლობა სხვადასხვა დანაშაულებისთვის, მათ შორის, კონვენციების მუხლების დარღვევისა და იმ უსამართლობისთვის, რის წინაშეც დგანან ჩვენი მოქალაქეები სწორედ ოკუპაციის გამო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან დიდი გამარჯვებაა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველ რიგში იმისთვის, რომ საქართველოს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ იყოს კიდევ უფრო გამყარებული. მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი მექანიზმი გამოვიყენოთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი ჩვენს ხელში. წლებია, ეს საქმე მიმდინარეობს, წლებია, საქართველო იბრძვის სასამართლოში იმისთვის, რომ სიმართლე სასამართლოს გზით იყოს კიდევ ერთხელ დადასტურებული. რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევა და ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთს ეკისრება ბევრი პასუხისმგებლობა სხვადასხვა დანაშაულებისთვის, მათ შორის, კონვენციების მუხლების დარღვევისთვის და იმ უსამართლობისთვის, რის წინაშეც დგანან ჩვენი მოქალაქეები სწორედ ოკუპაციის გამო. ეს საქართველოს და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.