რატი ბრეგაძე: მტკიცება ტყუილებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, რომ თითქოს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას, არის სრული უნამუსობა
მტკიცება ტყუილებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, რომ თითქოს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას, არის სრული უნამუსობა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციურ დონეზე დეკლარირება.
„სრულიად უგვანო და სამარცხვინოა ტყუილი, რომელსაც ავრცელებენ ამ თავის ცნობილ, ე.წ. Facebook-ბანერებზე, სადაც წერია, რომ თითქოსდა კანონი მტრად აცხადებს ამერიკას და ევროპას. ეს სრული მარაზმია და საერთოდ დაუშვებელია, ასეთი ტყუილი მოიგონო. მე ამ ხალხს იმასაც შევახსენებდი, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მიიღო კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სადაც საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციურ დონეზე ოფიციალურად დეკლარირება მოხდა. მოხდა არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ ის განისაზღვრა, როგორც კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულება. ჩემი პირადი შეფასებით, მტკიცება ტყუილებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, რომ თითქოს, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას, არის სრული უნამუსობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძე ოპოზიციას კანონპროექტის ჩუქებას სთავაზობს.
„აქ მაქვს კანონპროექტი, შემიძლია, მათ ვაჩუქო, თუმცა, ამის წაკითხვა მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ, თორემ პარლამენტშიც შეუძლიათ, იხილონ ეს კანონპროექტი როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით, გაეცნონ მას, მაგრამ როგორც თავად აცხადებენ, შინაარსის არც წაკითხვა უნდათ და არც გაგონება. ჩვენი გუნდი მათ დამშვიდებაზე ვერ იზრუნებს. ჩვენი გუნდის საზრუნავი პირველ რიგში, არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და დემოკრატიული პროცესების სრულად გამჭვირვალობა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.