მთავრობა შპს-ებისა და სსიპ-ებში ხელფასების საკითხს შეისწავლის
სახელმწიფო შპს-ებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ხელფასების საკითხებს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ნარმანიას თქმით, სახელმწიფო შპს-ებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილის ხელმძღვანელებს, ხშირ შემთხვევაში მინისტრებზე მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ, მისი თქმით, ამ საკითხის შესწავლა შესაბამის უწყებებს დაევალათ, რომლებმაც პირველადი დოკუმენტი უკვე წარადგინეს. “პრემიერის დავალების შესაბამისად, დაზუსტდება კიდევ ცალკეული დეტალები, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყება ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სსიპ-ებისა და სახელმწიფო შპს-ების ფინანსები საჯარო ფინანსების შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რაციონალური მართვა, რათა ეკონომიის შედეგად წარმოქმნილი თანხები სახელმწიფომ სხვა მიმრთულებით გამოიყენოს”, – განაცხადა ნარმანიამ.
სახელმწიფო კანცელარიაში გუშინ ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო შპს–ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი. ამ კითხვაზე პასუხი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან მოითხოვა. პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, დროულად მოხდეს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და სწრაფად აღმოიფხვრას წლების განმავლობაში არსებული მანკიერი დამოკიდებულება.