აბონენტებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდას პირველ მარტამდე შეძლებენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო “ყაზტრანსგაზთბილისი” 5 000 ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება სემეკ-მა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სხდომას კომისიის სამი წევრი ესწრებოდა და “ყაზტრანსგაზ თბილისის” დაჯარიმებას სამივე წევრმა დაუჭირა მხარი. საქმე ეხებოდა “ყაზტრანსგაზთბილისის” მიერ 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მოქალაქეთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესის დარღვევას, რის გამოც მოქალაქეებს მიმდინარე წლის იანვარში გაზრდილი გადასახადები მიუვიდათ. გარდა დაჯარიმებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბუნებრივი გაზის ჩვენების ერთ ქვითარში ასახვითა და გაერთიანებული გადასახადის წარდგენით გაუუარესდათ მდგომარეობა, დარიცხული თანხის გადახდა მიმდინარე წლის პირველ მარტამდე შეეძლებათ. სხდომას ესწრებოდა “ყაზტრანსგაზთბილისის” სპეციალური მმართველი ირაკლი გაბუნიაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება სემეკ-ის გადაწყვეტილებას ჯარიმის ნაწილში, თუმცა ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს.