შალვა პაპუაშვილი: დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც თუ არ უნდათ, საზოგადოებას ცხვირს არ შეაყოფინებენ

ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენც ქვეყანა ვართ და სახელმწიფო გვქვია. სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ შარშან კანონპროექტი, რომელსაც გამჭვირვალე უნდა გაეხადა სფერო, რომელიც დღეს არის ყველაზე დახურული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„საჯარო პოლიტიკის განმსაზღვრელ სექტორში დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც მათ თუ არ უნდათ, საზოგადოებას ცხვირს არ შეაყოფინებენ. ახლაც იმავე შინაარსით დაინიცირდა კანონპროექტი, მხოლოდ ერთადერთი სხვაობით. მაშინ სახელწოდება იყო თითქოს პრობლემა, ამაზე ჰქონდათ ატეხილი მთელი ამბავი და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს მათთვის სინამდვილეში საბაბი იყო. მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ, გამჭვირვალე ყოფილიყვნენ საზოგადოების მიმართ. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში ტერმინად ავიღეთ ის, რასაც ევროკავშირის დირექტივა იყენებს, გადმოვიტანეთ ის ტერმინოლოგია. ასე რომ, აქ უკვე შესადავებელიც არაფერია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტი ეხება არასამთავრობო, ასევე  მედიაორგანიზაციებს და ესეც იმ შემთხვევაში, თუ მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან.

„ამ ორგანიზაციებმა უნდა გააკეთონ ერთადერთი რამ, ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლები და ხარჯები დაადეკლარირონ იუსტიციის რეესტრში. ამას აკეთებს, ჩემი ჩათვლით, თითქმის ყველა საჯარო მოხელე, როდესაც წლიურ დეკლარაციას ვავსებთ. ეს არის საჯარო, ყველა ხედავს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შევიდეს და ნახოს ჩემი ქონებრივი დეკლარაცია. ამას აკეთებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, სამინისტროები, ბიუჯეტი გამჭვირვალეა და ა.შ. ამას აკეთებენ, სხვათა შორის, მედიაორგანიზაციები, ტელემედია, რომლებიც კომუნიკაციების კომისიაში თავიანთ შემოსავლებს და ხარჯებს ადეკლარირებენ. რა პრობლემა გახდა ეს არასამთავრობო სექტორი, ის შეუვალი უნდა იყოს მაინცდამაინც?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები