შალვა პაპუაშვილი – „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“: არანაირი არგუმენტი და შინაარსში შესვლა, ყვირილით უნდათ საღი აზრი ჩაახშონ
დღეს არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ და საზოგადოებამ უნდა მიაქციოს ყურადღება, პროპაგანდა როგორ მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე იყო ამის მაგალითი.
„არანაირი არგუმენტი, არანაირ შინაარსში შესვლა, არანაირი დისკუსია, ყვირილია, რომლითაც უნდათ, რომ საღი აზრი ჩაახშონ. ესაა მეთოდი ამოწერილი სპეცსამსახურების პროპაგანდისტული სახელმძღვანელოებიდან, რომ ემოციებით, ყვირილით ადამიანს ასე ვთქვათ გონება დაუბინდო, მხოლოდ ემოციებზე ითამაშო და ჩაახშო საღი აზრი.
რაც შეეხება ტერმინებს, ამ ჯერზე ეს ტერმინი პირდაპირ აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც სულ ახლახან ევროკომისიამ დაამტკიცა და გადაუგზავნა ევროპარლამენტს და სათაურშივეა – მესამე ქვეყნის, ანუ უცხო ქვეყნის ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობა. კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენთან შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს. ჩვენთან არის – ინტერესების გატარება, აქ წარმომადგენელზეა საუბარი, რომლის სინონიმიც სხვათა შორის, ინგლისურში არის სიტყვა აგენტი, რომელიც ქართულ სამართალშიც სხვანაირად გამოიყენება, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ევროკავშირის დირექტივა, პროექტი დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ და ევროპარლამენტში განიხილება. ამ კანონპროექტით ევროკავშირი ამერიკის ინტერესებსაც ფარავს. ამ დირექტივით იფარება ყველა, გარდა თავად ევროკავშირისა. მესამე მხარეა ყველა სხვა დანარჩენი ამერიკაც, მათ შორის საქართველოც. ჩვენმა სახელმწიფომ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში რომ დახარჯოს ფული საქართველოს ინტერესების გატარებაში, ან თუნდაც გარემოს დაცვის საკითხებში, მოგვეთხოვება ისეთივე გამჭვირვალობა, როგორც სხვა ორგანიზაციებს. ამიტომ ეს პრინციპი ერთია. ჩვენი დამოკიდებულებაც ესაა, არის სახელმწიფო და არის ყველა სხვა დანარჩენი, მტერიც, მოყვარეც სტრატეგიული პარტნიორიც სხვა. არის სახელმწიფო და არის სხვა და ესეც ეხება სხვებს. ეხება ამერიკასაც საქართველოსაც, რუსეთსაც, ჩინეთსაც და დიდ ბრიტანეთსაც, რომელიც აღარ არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ ტერმინიც ევროკავშირისაა და სულისკვეთებაც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.