ლაშა გზირიშვილი: ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან დამატებითი დაცვის მექანიზმების დანერგვის მიუხედავად, ხშირად თაღლითები იმდენად ინოვაციურ მეთოდებს იყენებენ, რომ მომხმარებლები მაინც ებმებიან მახეში

ფინანსური თაღლითობები ყოველთვის ხდებოდა, დღესაც ხდება და ალბათ მომავალშიც მოხდება. გამომდინარე ტექნოლოგიური განვითარებიდან თაღლითები ცდილობენ, რომ ახალი სქემები მოიფიქრონ, იმისათვის, რომ მეტად მიმზიდველი გახადონ თავიანთი თაღლითური შეთავაზებები მომხმარებლისთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლაშა გზირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივად აკვირდება ამ პროცესს და ცდილობს, რომ მომხმარებელი გააფრთხილოს, ამასთან, მან ახალი თაღლითური სქემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სხვა თაღლითურ სქემებთან შედარებით, ბევრად დახვეწილია.

„რამდენად მკაცრიც არ უნდა იყოს მოთხოვნები, რამდენად ბევრი ყურადღებაც არ უნდა მიაქციონ ფინანსურმა ორგანიზაციებმა და დანერგონ დამატებითი დაცვის მექანიზმები, ხშირად თაღლითები იმდენად ინოვაციურ მეთოდებს იყენებენ, რომ მომხმარებლები მაინც ებმებიან მახეში..

განსხვავებული არის ის, რომ ამ პროცესში დახმარებისთვის თაღლითები მომხმარებლებს სთხოვენ თავიანთ მობილურ ტელეფონში ან კომპიუტერში გარკვეული ტიპის აპლიკაცია ან პროგრამა გადმოწერონ, რომელიც თაღლითს საშუალებას აძლევს, რომ დისტანციურად, თავისი მოწყობილობიდან ნახოს ყველაფერი, რაც მომხმარებლის ტელეფონში ხდება, ანუ ფაქტობრივად მას თითქმის სრული კონტროლი ეძლევა მომხმარებლის მოწყობილობაზე და შეფარვით, ნდობის მოპოვების მიზნით, თითქოს ის მომხმარებელს ეხმარება. ბევრად უფრო დახვეწილი სქემაა გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ოპერაციისთვის მომხმარებლის დასტური თაღლითს აღარ სჭირდება, რადგან ის პირდაპირ უყურებს მის მობილურში რა ხდება და შეუძლია მას მაგალითად სესხი აიღოს, სხვა ანგარიშზე თანხები გადარიცხოს და ა.შ. კომერციული ბანკი მომხმარებელს გამაფრთხილებელ და თითოეული ოპერაციის დასადასტურებელ SMS-ებს უგზავნის, თუმცა, ამ ინფორმაციასთან უშალოდ თაღლითს აქვს წვდომა და ბანკისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია ამოიცნოს ამ ოპერაციის უკან მომხმარებელი დგას თუ თაღლითი“, – განაცხადა გზირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები