ომბუდსმენის ანგარიში: ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები – უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა

“ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები”,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ წლიურ საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა, არასათანადო მოპყრობისა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.

“ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური და სამოქალაქო ფსიქიატრიული დაწესებულებების, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და საცხოვრისების მონიტორინგის შედეგებს.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები; ბენეფიციარებისთვის დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება და გვერდითი ეფექტების მართვა; გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება.

წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებების გადატვირთულობა, არასათანადო მოპყრობისა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.

აუცილებელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოქმედი პრაქტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, რათა დადგინდეს ერთიანი, განჭვრეტადი და მკაფიო საფუძვლები იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.

სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს სათანადო პროგრამის გავლის, შეფასების და შესაბამისი პირობების დათქმით, უვადო პატიმრებს რეაბილიტაციის, სასჯელის შემსუბუქების, ან რიგ შემთხვევებში გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, სამწუხაროდ, პროგრამა არ არის კონკრეტული შედეგის მომცემი და პროგრამის გავლის შემდეგ, პატიმართა უმეტესობას (მიუხედავად დადებითი რეკომენდაციებისა), სასამართლომ სასჯელის შემსუბუქების, ან პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნაზე უარი უთხრა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა სრულიად სპობს ამ ადამიანებში ნებისმიერ მოტივაციას.

რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს სისტემაში, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე, კვლავ შენარჩუნებულია ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის გზაზე.

2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო შეკრების თავისუფლების საკითხი. რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აშკარად გამოჩნდა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა”,- ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები