მამუკა მდინარაძე: ქალები საქართველოს პარლამენტში და თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით

ქალები საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით. თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში ქალები უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს ასევე ვისაუბრეთ ქალთა კვოტირების თემაზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის გარკვეული დროებითი პოზიტიური ღონისძიება ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე. დღეს ერთ-ერთმა ჩვენმა ოპონენტმა თქვა, რომ, კი ბატონო, განვითარების შემდეგ ეტაპზე ეს მოსახსნელია და აბსოლუტურად ვეთანხმებიო, თუმცა, ახლა ჯერ არაო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ეს კარგად გავიაზროთ, ის ძალიან ცდება. ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი არა მოლაპარაკება, არამედ უფრო მთავარი საფუძველი, „გირჩის“ ინიციატივას დავთანხმებოდით, იყო ის, რომ ქალები საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით. თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში ქალები უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით.

ჩვენ გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც გარკვეული პოზიტიური დისკრიმინაცია, როგორც ამას ეძახიან ხოლმე რიგ შემთხვევაში, შეიძლებოდა საჭირო ყოფილიყო, თუმცა მე ამ ტერმინს ზოგადად არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ვეთანხმებოდი მიდგომას. დიახ, ჩვენ მართლები ვიყავით მაშინ, როდესაც კვოტირებაზე აღტყინებით ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ეს ქალების როლის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. დიახ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ეს ყველა ქვეყანას დასჭირდა, და ასე მოიქცა საქართველოც. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა უფლებები, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად იმ დონეზეა, რომ თავისუფლად შეგვიძლია ნებისმიერი პარტიის ინიციატივას დავეთანხმოთ, რომ მათი აქტიურობის, აქტუალობის, ჩართულობის ხარისხის, შრომისუნარიანობის – ისინი უფრო აქტიურები არიან რიგ შემთხვევაში, ვიდრე ბევრი მამაკაცი – [გათვალისწინებით] მათ, მომავალ პარლამენტშიც და თვითმმართველობის ორგანოებშიც ყველა მათგანს თავისი ადგილი ექნება დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხს მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები