მამუკა მდინარაძე – “ვეტინგზე”: ნებისმიერი უცხოელი, რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, ვერ ჩაერევა საქართველოს გადაწყვეტილებებში

“შედარებით მეორე ხარისხოვანი ხდება აბსოლუტურად ყველაფერი, როდესაც გვეუბნებიან, რომ უცხოელმა უნდა შეამოწმოს შენი ქვეყნის მოსამართლე. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც გეუბნებიან, რომ უცხოელებმა უნდა შეამოწმონ შენი ქვეყნის მოსამართლე, ჟურნალისტი, პროკურორი, საჯარო მოხელე, ფერმერი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “ვეტინგზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ისე უნდა იმოქმედო, რომ თანაბარ-სწორად გელაპარაკონ და ამით უზრუნველყო ქვეყნის გაცილებით ღირსეული მომავალი.

„ნებისმიერი უცხოელი, რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, ვერ ჩაერევა საქართველოს გადაწყვეტილებებში. შესაბამისად, ეს თემა არის დახურული. სტატისტიკას იცნობთ? ალბანეთში განხორციელდაო ვეტინგი. რამდენიმე ათეული პუნქტით რომ უკან არის იმ ქვეყანას რატომ უნდა მივბაძოთ, მაინტერესებს. ერთი ძალიან ცნობილი პოეტის არ იყო „სხვისი მისაბაძი რა გვჭირს“. არაფერი სხვისი მისაბაძი არ გვჭირს მაშინ, როდესაც რეიტინგებით წინ ვუსწრებთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. არასდროს არავის არ მიბაძოთ, თქვენი ქართული სუვერენული ხასიათი დაიტოვეთ და ასე უფრო მიგიღებენ ყველგან, ასე უფრო გემეგობრებიან, დამიჯერეთ. იმიტომ, რომ თუ დამოუკიდებელი არ იქნებით და თუ თქვენი იდენტობა დაკარგეთ, არავის არაფერში არ სჭირდებით. ყოველთვის ძალიან ცუდად გამოგიყენებთ ყველა, მათ შორის თქვენ რომ გგონიათ ყველაზე კეთილგანწყობილებიც კი. ეს არის დაუწერელი, ძალიან ცუდი კანონები, დღეს ვიღაც კარგია, ხვალ ვიღაც ცუდი იქნება და ა.შ. ამიტომ ასე კი არ უნდა აიღო და ბიბლიასავით ვიღაცას დაუჯერო, შენ უნდა იყო დამოუკიდებელი და უნდა უზრუნველყო ის, რომ შენი დამოუკიდებლობით, შენი ეროვნული თავმოყვარეობით ისე დადგე ყველასთან თანაბარ-სწორად, რომ ზევიდან კი არ გელაპარაკონ და ცალ ფეხზე გაიძულონ დგომა, და მერე ამას ქვეყნის შიგნით შენები იმეორებდნენ, არამედ ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ისე უნდა იმოქმედო, რომ თანაბარ-სწორად გელაპარაკონ და ამით უზრუნველყო შენი ქვეყნის გაცილებით ღირსეული მომავალი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები