„დღეს ყველაზე პრიორიტეტული პაციენტის უფლებების დაცვაა“ – რა გამოწვევებია ჯანდაცვის სფეროში, ინტერვიუ მაკა ბულეიშვილთან

„ყველაზე პრიორიტეტული არის პაციენტის უფლებების დაცვა. პაციენტი უნდა მოხვდეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც მისი უფლებები იქნება დაცული. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მედპერსონალის უფლებების დაცვაც“, – ამის შესახებ „კვირასთან“ საუბრისას კლინიკური ექსპერტი, ექსპერტი ჯანდაცვის უსაფრთხოების დარგში, პროფესორი, ექიმი მაკა ბულეიშვილი აცხადებს.

მედიკოსი „კვირას“ სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებზე, სახელმწიფო პროგრამებისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხის შესახებ ესაუბრა.

მაკა ბულეიშვილი სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხთა შორის, პირველ ყოვლისა, ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის თემას გამოყოფს და აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვა არის წამყვანი რგოლი ამ სფეროში და აუცილებელია ამ ინსტიტუტის მეტი პოპულარიზაცია.

„ზოგადად, საოჯახო მედიცინა, პირველადი ჯანდაცვა არის ის მიმართულება, რომელიც მისი სახელწოდებიდან გამომდინარე უნდა იყოს პირველი, ანუ მთავარი საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ პირველად ჯანდაცვაში ხდება ადამიანის პრევენცია, როგორც სხვადასხვა დაავადების, ამავე დროს, ქრონიკული დაავადებების მართვაც. პირველადი ჯანდაცვა არის წამყვანი რგოლი არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, მაგალითად, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში უმაღლეს დონეზეა დაყენებული ოჯახის ექიმის კუთხით, ეს მიმართულება. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბევრი ამბულატორიული დაწესებულება არსებობს, თუმცა, გამოწვევა ბევრია, რა თქმა უნდა, მისახედია ის პრობლემები, რომლებიც არსებობს, იმიტომ რომ არ არის პოპულარული ჩვენთან ეს დარგი. რატომღაც ოჯახის ექიმები ასოცირებულია სამედიცინო ცნობების, მედიკამენტების გამოწერასთან. ამას უნდა ახორციელებდეს ოჯახის ექიმი, მაგრამ აუცილებელია, რომ ის ფუნქცია, რაც აქვს, წამოწეული იყოს წინა პლანზე და თუ კიდევ უფრო პრიორიტეტული და განვითარებული იქნება, ასეთ შემთხვევაში გაამართლებს მის სახელწოდებას და ჩვენ არ გვექნება მოცემულობა, როცა პაციენტი იქნება დაავადების განვითარების სერიოზულ სტადიაზე.

მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონებში გვაქვს სოფლის ამბულატორიები და გვყავს სოფლის ექიმები. სოფლის ამბულატორიები შეზღუდულია აუცილებელი იმ კვლევების ჩატარებებით, რაც ესაჭიროება მოსახლეობას სოფლად, თუმცა, სოფლის ექიმის როლი მოსახლეობისთვის არის უდიდესი.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის პოპულარული პირველადი ჯანდაცვა, რაც ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და დგას კიდეც ეს გამოწვევა ჩვენს წინაშე, ამის მიზეზი ალბათ ის არის, რაც ზემოთ აღვნიშნე, რომ რატომღაც ოჯახის ექიმი ასოცირებულია ელემენტარული კვლევების ჩატარებასა და რუტინულ კვლევებთან. პირველადი ჯანდაცვა უნდა ამართლებდეს თავის სახელს. დაავადებების სრული დიაგნოსტირება უნდა მოხდეს ოჯახის ექიმის დონეზე, რათა შემდგომში არ გვქონდეს ამდენი ონკოლოგიური პათოლოგია, ამდენი შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული დაავადებები და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან ოჯახის ექიმის ინსტიტუტის კულტურა არ არის. მოგეხსენებათ, სკრინინგებიც პირველადი ჯანდაცვის დონეზე ხდება, ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიის სკრინინგი მოხდეს“, – აღნიშნავს მედიკოსი.

ამასთან, როგორც ბულეიშვილი ამბობს, სხვადასხვა დაავადებათა პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიმართ ქვეყანაში მეტი ნდობა იყოს.

„ოჯახის ექიმისა და პირველადი ჯანდაცვის ინსტიტუტის ნდობის წინა პლანზე წამოწევა დღეს არის მთავარი გამოწვევა დაავადებათა პრევენციისთვის. ამავე დროს, დიაგნოსტირების საკითხია. ოჯახის ექიმმა უნდა შეძლოს დიფერენცირებული დიაგნოზის ჩატარება. საჭიროა სერიოზული ტრენინგები და გადამზადება. ოჯახის ექიმის სწორი განათლებითა და სწორი დიაგნოსტირებით, უნდა მოხდეს ამა თუ იმ დაავადების დიფერენცირება. თუ ოჯახის ექიმს არ გააჩნია დიფერენცირების უნარი, ასეთ შემთხვევაში დაზარალებული არის პაციენტი. იმისათვის, რომ გავხადოთ პირველადი ჯანდაცვა პრიორიტეტული, აუცილებელია, ჯერ მივიდეთ იქამდე, რომ მოსახლეობას მივცეთ საშუალება და სურვილი,  არ იყოს ოჯახის ექიმი მისთვის მხოლოდ გადამამისამართებელი გარკვეულ კვლევებზე, არამედ ნდობის ფაქტორი უნდა არსებობდეს. ამას კი სჭირდება ძალიან დიდი განათლება, ამისთვის ალბათ მოუწევთ, გარკვეული პერიოდულობით სიახლეების გაცნობა, ტრენინგები, სწავლებები.

კიდევ ერთი პრობლემა არის ანაზღაურების საკითხი – ხელფასი, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან მაღალი. ექიმს უნდა ჰქონდეს საკმაოდ კომპეტენტური ანაზღაურება.

ამავე დროს, უნდა ვისაუბროთ, რომ რეგიონებში ინერგება ტელემედიცინის აპარატები, რომელიც ძალიან ეხმარება საოჯახო მედიცინის, სოფლის ექიმებს. ვფიქრობ, ტელემედიცინის წამოწევა სოფლად მყოფი ექიმებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება“, – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

რაც შეეხება DRG პროგრამას, კლინიკური ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორი წარმართვის პირობებში აღნიშნული პროგრამა მოქნილი და მომგებიანია, თუმცა დასძენს, რომ საჭიროა პროგრამის ხელახალი გადახედვა. ამასთან, ბულეიშვილმა იმ მნიშვნელოვან პროგრამებზეც ისაუბრა, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს.

„ჯერ კიდევ 10 წლის წინ, როცა გერმანიაში ვმოღვაწეობდი, იქ უკვე მოქმედებდა DRG პროგრამა. ძალიან მოქნილი და დიაგნოზთან შეჭიდული პროგრამაა, დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსება ხდება. კარგი აწყობის პირობებში საკმაოდ მოქნილი და მომგებიანი პროგრამაა. თუკი იქნება ისეთი, როგორიცაა ევროპის ქვეყნებში, სადაც მოქმედებს ასეთი პროგრამა. ეს უნდა იყოს მოქნილი და უნდა აკეთონ სპეციალისტებმა, ასეთ შემთხვევაში არ იქნება პრობლემის შემქმნელი არცერთი დაწესებულებისთვის.

მოგეხსენებათ, გარკვეულმა კლინიკებმა უარი განაცხადეს DRG პროგრამაში მონაწილეობაზე და ვფიქრობ, ამ საკითხსაც გადახედვა სჭირდება.

ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ონკოპაციენტების დაფინანსების პროგრამა და ეს საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია. აქაც დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება და შემდეგ რაღაც შეფერხება მოხდა. დღეს ჯანდაცვა ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგას, იმიტომ რომ ზოგიერთ პროგრამას გარკვეული პრობლემები მოჰყვა და ეს თემები გადახედვას საჭიროებს. მოგეხსენებათ, მაგალითად, ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის უდიდესი შვება, ძალიან დიდი დახმარება და ხშირ შემთხვევაში უძვირესი მედიკამენტებით დახმარება, რომელიც ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის გადახედვაც საჭიროა“, – განაცხადა ბულეიშვილმა.

რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო მიმდინარე საკითხებს, როგორც მაკა ბულეიშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე, კლინიკას ფუნქციონირებისთვის კადრების შევსება სჭირდება.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერის გადაწყვეტილებით, შესწავლილ იქნა თავიდან. იცით, რომ საუბარი იყო კლინიკის დემონტაჟზეც, ახლა, როდესაც ეს საკითხი შეფასდა, გადაწყვეტილება შეჩერებულია. დღევანდელ დღეს რა მდგომარეობაა – ჩვენ უკვე არაერთხელ გვქონდა შეხვედრა ახლად დანიშნულ, ჯანდაცვის მინისტრთან. იგი ჩვენთან მუდმივად კონტაქტზეა, მაქსიმალურად ვაწვდით ჩვენც ინფორმაციას, კომუნიკაცია უმაღლეს დონეზეა. რამდენიმე დღის წინაც გვქონდა შეხვედრა. კლინიკას, რა თქმა უნდა, პრობლემები აქვს, რადგან მოგეხსენებათ, დიდმა ნაწილმა  დატოვა უკვე კლინიკა, იმ არსებული კომპენსაციების ფონზე. კლინიკას ახლა იმისთვის, რომ იფუნქციონიროს, სჭირდება – შეივსოს კადრების დანაკლისი. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამბულატორია მუშაობს. ზოგადი პრობლემები რაც არის, იგივე ინფრასტრუქტურის, დავალებები მიღებულია და ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში იქნება სამინისტროსგან ჩვენი მხარდაჭერა. ვფიქრობ, მაქსიმუმ ორ კვირაში უკვე შეგვეძლება, რომ მივიღოთ პაციენტები და გავაგრძელოთ მუშაობა ისეთივე ტემპით როგორც იყო“, – განმარტა ექიმმა.

შეჯამების სახით, ბულეიშვილი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში ბევრი საკითხია, რომელიც მეტ ყურადღების დათმობასა და პროგრამების გადახედვას საჭიროებს, თუმცა, მთავარი ამოსავალი წერტილი პაციენტებისა და მედპერსონალის უფლებების დაცვაა.

„დღეს ყველაზე პრიორიტეტული არის პაციენტის უფლებების დაცვა. პაციენტი უნდა მოხვდეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც მისი უფლებები იქნება დაცული. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მედპერსონალის უფლებების დაცვაც, შრომის უსაფრთხოების დაცვა და ზოგადად უსაფრთხოების საკითხები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის პუნქტებიც, რაზეც ვისაუბრე – პირველადი ჯანდაცვის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე, DRG გადახედვა. აქტუალურია აკრედიტაციის საკითხიც. 2025 წლიდან ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია. ამისთვის უკვე ბევრი კლინიკა ემზადება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ონკოპაციენტებთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა მოხდეს საკითხების გადახედვა, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიცვალოს რეზიდენტურის თემა. უმნიშვნელოვანესია ეს საკითხი და უნდა მოხდეს ამის გადახედვაც, რათა შევინარჩუნოთ მომავალი თაობა და ჰქონდეთ მათ სტიმული, უნდოდეთ ექიმობა და არ წავიდნენ საზღვარგარეთ.

ზოგადად, ბევრი საკითხია, რაზეც შეიძლება საუბარი. განათლება, ლიცენზირება, ტრენინგები, მომზადება ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და, ეს ყველაფერი გაერთიანებული, უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას, ჯანდაცვის უსაფრთხოებას თითოეულ პუნქტში, რომელიც დავასახელეთ“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები