მამუკა მდინარაძე: როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა ევროპის საგზური

,,საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ეს დააგვირგვინეს გუშინ ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, რომლებმაც თავი დადეს იმისთვის, რომ ეს ისტორიული წარმატება მოეტანათ ჩვენი ქვეყნისა და საკუთარი სამშობლოსთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელ გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი მატჩი ლეგენდარული იყო.

„არ არსებობს იმაზე დიდი ემოცია, რაც შენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას მოაქვს. ჩვენ ყველანი ერთად, მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, თანაზიარები ვიყავით ამ არაბუნებრივად დიდი და ისტორიული გამარჯვების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ევროპის საგზურს.

შეიძლება, სუბიექტური ვიყო ამ შეფასებაში, მაგრამ ერთი რამ მიხარია ძალიან – როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა ევროპის საგზური. ეს არ შეიძლება, შემთხვევითი იყოს. ეს არის დიდი სიმბოლური მნიშვნელობის ამბავი, რომელსაც სჭირდება დაფასება, სწორი შეფასება. არ შეიძლება, თითოეულ მათგანს ეს გმირობა არ დავუფასოთ, იმიტომ, რომ ახალი ისტორია დაიწერა. ამდენი ხანია, ქართველები ვტრაბახობთ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით 1981 წელს „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ. ეს ლეგენდარული მატჩი არის ერთი დიდი ისტორიული ფურცელი და მეორე დიდი ისტორიული ფურცელი დაწერეს უკვე ლეგენდად ქცეულმა ჩვენმა ფეხბურთელებმა”,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები