ვახტანგ ცინცაძე: Moody’s-ის მხრიდან საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე ზრდა ასახავს იმ გარემოებას, რომ საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეინარჩუნა

სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე პერიოდში რისკები დაბალანსებულია და საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა.

მისი შეფასებით, აღნიშნული საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ეკონომიკური ინსტიტუტების სიძლიერემ განაპირობა, რაზეც ხაზგასმულია სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში.

„სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5,5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პოტენციურ დონესთან ახლოს იქნება და დაახლოებით 5-5,5 პროცენტს გაუტოლდება“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება ასახავს საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიძლიერესა და ეკონომიკური ინსტიტუტების მიერ ამ პოლიტიკისადმი ერთგულებას. ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნულმა და გლობალური ინფლაციის შოკის ეფექტურმა მართვამ განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ზრდა 2022 და 2023 წლებში.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საინვესტიციო სარეიტინგო დონის მიღწევა, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს საქართველოს ეკონომიკას.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხელფასების მატებასა და სხვა მაკროეკონომიკურ და სოციალურ პარამეტრებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები