არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციიდან ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება
მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკუთარი დამოკიდებულება უნდა დააფიქსიროს.
„კონსტიტუციური კანონი მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. პარლამენტში ოპოზიციურ ჯგუფებს ჰქონდათ მოწვევა, ჩართულიყვნენ და თავიანთი მოსაზრება წარედგინათ, მაგრამ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და ვერ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. როდესაც საკითხი ეხება უნივერსალური ღირებულებების და იმ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ფუნდამენტურია, ასევე არასრულწლოვანთა დაცვას აღნიშნული პროპაგანდისგან, ნებისმიერ პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონოდა თავისი პოზიცია ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ კონსტიტუციური კანონი, ეს ქმნის საკმაოდ მყარ გარანტიას სამომავლოდ. ამის მაგალითები გვქონდა წარსულში. საკითხი იქნება გრძელვადიანად დარეგულირებული ისე, რომ მომავალში არ გახდეს სპეკულაციების თუ არასასურველი ჩარევის შედეგი. რაც შეეხება ხმების რაოდენობას, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. პარლამენტში ყველამ, ოპოზიციიდან უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება. როდესაც გვეცოდინება, როგორი იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, საზოგადოებას არჩევნების ჩატარებამდე ავუხსნით, როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის მიღებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.