არჩილ თალაკვაძე – „ნაცმოძრაობაზე“: თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, შეუძლიათ, ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს შეიწყალებენ
მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას გამოეხმაურა.
„ესეც, რა თქმა უნდა, არის არჩევნებისთვის გვერდის ავლის მცდელობა. ეს არის მართლმსაჯულებისგან გაქცევის მცდელობა. ეს არის ისევ და ისევ იმ საზოგადოების გამოყენების მცდელობა, რომელმაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სააკაშვილი მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, გაუშვა ხელისუფლებიდან. ამიტომ, თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, თუ მართლა აქვთ ამდენი ხელმოწერა, შეუძლიათ, კამპანია ცოტა გადასწიონ და ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შეიწყალებენ მიხეილ სააკაშვილს. ეს შეუძლიათ გააკეთონ, იმიტომ რომ ამ გზებით მართლმსაჯულებას საქართველოში ვერ აუვლის გვერდს ვერავინ, მით უმეტეს “ნაციონალურ მოძრაობას” არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში ინსტიტუტებზე მოახდინონ არასწორი და კანონით დაუშვებელი ზეგავლენა“, – განაცხადა თალაკვაძემ.