ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წელი გავიდა
გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ჯემალ აჯიაშვილის, დაბადებიდან 80 წელი გავიდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჯემალ აჯიაშვილი გამორჩეული იყო როგორც ლიტერატურული, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობით.
„ჯემალ აჯიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სამი წელი იგი შემოქმედებითი მივლინებით იმყოფებოდა ირანში. 1970-1990 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უცხო ენათა ინსტიტუტში; 1997 წელს აირჩიეს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ.
ჯემალ აჯიაშვილი იყო საქართველოს მესამე და მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველო-ისრაელის საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე.
ჯემალ აჯიაშვილის საქმიანობაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი ბრწყინვალე თარგმანები: ფსალმუნები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, შუა საუკუნეების ებრაული პოეზია, , შექსპირის, ჩიკამაცუს, გოცის დრამატული ნაწარმოებები, მაიაკოვსკის, პასტერნაკის, ბროდსკის ლექსები. განსაცვიფრებელია ამ თარგმანების მდიდარი ლექსიკა და სიტყვათქმნადობის იშვიათი ხელოვნება.
თავისი მდიდარი შემოქმედებითა და პიროვნული ხიბლით ჯემალ აჯიაშვილი სრულყოფილად განასახიერებდა ქართველი ებრაელის – ამ უნიკალური სინტაგმის ნამდვილ არსს. როგორც ებრაელი, ის მოდიოდა დავითის ფსალმუნებიდან, როგორც ქართველი კი – რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. აქედან იბადებოდა მის თარგმანებში უხვად გაბნეული ახალი სიტყვები თუ მეტაფორები, რითმები თუ რიტმები.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას და მთარგმნელობითი ხელოვნებისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის განვითარებაში მის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.