მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი განცხადება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა.
„ისლამურ სახელმწიფოს“ აღნიშნული განცხადების დასადასტურებლად მტკიცებულება ჯერ არ წარმოუდგენია.
შეგახსენებთ, რომ უცნობი შეიარაღებული პირები მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს.