„საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტი თამარ ლიჩელი ინდოეთში საკონცერტო ტურნეზე იმყოფებოდნენ

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის (NCPA) მიწვევით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტი თამარ ლიჩელი, ინდოეთში, საკონცერტო ტურნეზე იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას„ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, პირველი კონცერტი 11 მარტს, ჯუჰუს PRITHVI THEATRE-ში გაიმართა. PRITHVI THEATRE ინდური თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის, პრიტვირაჯ კაპურის სახელს უკავშირდება, რომელიც მისმა შვილმა, შაში კაპურმა 1975 წელს დააარსა. დღესდღეობით, თეატრს პრიტვირაჯ კაპურის შვილიშვილი და ცნობილი რაჯ კაპურის შვილი, ქუნალ კაპური ხელმძღვანელობს, იგი დღემდე ინარჩუნებს ინდური თეატრის ღირებულებებს და ზრუნავს მისი განვითარებისთვის. ეს თეატრი ინდოელი ხალხისთვის ეროვნული მნიშვნელობის გახლავთ და დიდი პატივი იყო, რომ ინდოეთმა სწორედ ამ სივრცეში უმასპინძლა ქართველ მუსიკოსებს.
მეორე კონცერტი 12 მარტს, მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული  ცენტრის (NCPA) TATA THEATRE-ში ჩატარდა.
ინდოეთის მთავარი კულტურული ინსტიტუცია NCPA,1969 წელს დაარსდა და იგი სამხრეთ აზიაში პირველი მრავალსივრციანი და მრავალჟანრიანი კულტურული ცენტრია. NCPA მოწოდებულია შეინარჩუნოს და განავითაროს ინდოეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მუსიკის, ცეკვის, თეატრის, კინოს, ლიტერატურისა და ფოტოგრაფიის სფეროებში, ასევე წარმოადგინოს ინდოელი და საერთაშორისო ხელოვანების ახალი და ინოვაციური ნამუშევრები.
ცენტრში, ყოველწლიურად, 700-ზე მეტი ღონისძიება ტარდება და მას უამრავი ვარსკვლავი თუ საერთაშორისოდ აღიარებული ორკესტრი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, როგორიც არის: ვენის ფილარმონიული, ბავარიის სახელმწიფო, ისრაელის ფილარმონიული, ლონდონის სიმფონიური და სხვა ორკესტრები, ამ ჩამონათვალს ახლა უკვე „საქართველოს სინფონიეტაც“ შეემატა და ამაყები ვართ, რომ ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ურთიერთანამშრომლობა წარმატებით შედგა.
11 და 12 მარტს, კონცერტებმა სრული ანშლაგით და დიდი წარმატებით ჩაიარა. ქართველმა მუსიკოსებმა ინდოელი მსმენელებისთვის: ფელიქს მენდელსონის, ფრანც შუბერტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები შეასრულეს.
ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, თამარ ლიჩელმა, ფელიქს მენდელსონის ურთულესი საფორტეპიანო კონცერტი ბრწყინვალედ შეასრულა და მსმენელებითავისი ვირტუოზულობით, მუსიკალურობითა და არტისტიზმით მოხიბლა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კულტურათა დიალოგი შედგა და სულხან ცინცაძის – „მინიატურები“ ქართულ ორკესტრთან ერთად, ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმაც დაუკრეს. განსაკუთრებულად ემოციური იყო ცინცაძის ერთ-ერთი მინიატურის, „ინდური ცეკვის“ შესრულება, რომელმაც მსმენელებშიც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
ქვეყნის ერთადერთი პროფესიული ორკესტრი, ინდოეთის სიმფონიური ორკესტრი (SOI), NCPA ცენტრის ხელმძღვანელმა ხუშრუ ნ. სუნტუკომმა და მევიოლინე მარატ ბისენგალიევმა დააარსეს 2006 წელს. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი მარატ ბისენგალიევი თავად ესწრებოდა ქართველი მუსიკოსების კონცერტს TATA THEATRE-ში და კონცერტის მერე „საქართველოს სინფონიეტას“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიორგი ქერელაშვილთან ერთად სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
რაც მთავარია,მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობა გაგრძელდება და ოქტომბერში, უკვე ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს ვუმასპინძლებთ თბილისში“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები