მამუკა მდინარაძე: მივმართავ ოპოზიციას ნიშნის მოგების და ირონიის გარეშე, გვითხრან, რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ჰყავთ, რომ ვერ ბედავენ ფეხის გადადგმას და ხელმოწერას ევროპულ რეზოლუციებზე – მივეხმარებით, რომ თავი დაიხსნან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ საგანგებო რეზოლუციის პროექტი შემუშავდა, რომლის ინიცირებასაც ოთხმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა, მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას მხარი არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, რეზოლუციის პროექტი მიზნად ისახავდა “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან.

მისი თქმით, პროექტში ხაზგასმულია სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობა და გაწევრების პროცესის დროულად წარმართვის, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა. ასევე, დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.

„აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე განსახილველად წარდგენისათვის, პროცედურის თანახმად, ესაჭიროებოდა საპარლამენტო დელეგაციებიდან 10 დეპუტატის ხელმოწერა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვას დელეგაციის სამმა დეპუტატმა, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებოდნენ. უკრაინის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენად ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის გარდა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი. მათ არაერთხელ ეთხოვათ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიციირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიციირებას ხელი არ მოაწერეს. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის და მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისათვის გვეჩვენებინა ევროკავშირში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი ასეთი დაპირისპირების, რაც, როგორ ჩანს, ქართული რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჯდება და ეს როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები