კოტე დაუშვილის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა
სახელგანთქმული ქართველი ხელოვანის, ბრწყინვალე მსახიობის, კოტე დაუშვილის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა.
„კინოსა და თეატრის მსახიობმა, საქართველოსა და სომხეთის სახალხო არტისტმა კოტე (კონსტანტინე) დაუშვილმა სასცენო მოღვაწეობა 1927 წლიდან დაიწყო. მონაწილეობდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენებში. 1928-30 წლებში მუშაობდა თბილისის წითელი არმიისა და ნაძალადევის თეატრებში. 1934-35 წლებში იყო ბაქოს ქართული თეატრის, 1935-38 წწ თბილისის კინოსტუდიის, 1930-34წწ და 1942-59 წწ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
კოტე დაუშვილის მიერ თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბეგლარი (კ. კალაძის„როგორ“), კვეჟენაძე (შ. დადიანის „კაკალ გულში“), ჯიბილო (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კნუროვი (ა. ოსტროვსკის „უმზითვო“), გელა (ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“ ინსცენირება), გიჟუა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“).
1931 წლიდან კინოს მიმართულებით დაიწყო მუშაობა.
გადაღებულია ორმოცდაათამდე ფილმში. აღიარება მოუტანა იაგორას როლმა ფილმში „სამშობლო“ (ნ. შენგელაია, 1939). იგი მონაწილეობდა სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, ეკრანზე შექმნა ცხოვრებისეული სიმართლით, უშუალობითა და ეროვნული კოლორიტით აღბეჭდილი დასამახსოვრებელი სახეები: მწყემსი ბიჭი („უდაბნო“, ნ. სანიშვილი, 1932), ბობოლა გლეხი ფარნა („უჟმური“, ნ. ღოღობერიძე, 1934), ბიგაი („მდინარის გაღმა“, ზ. ბერიშვილი, 1935), ჯიბილო („ხიდობნელი ქალიშვილი“, დ. ანთაძე, 1940), ბერი ტრიფილი („გიორგი სააკაძე“, მ. ჭიაურელი, 1942-43), მოურავი („აკაკის აკვანი“, კ. პიპინაშვილი, 1947), ნიკო („გაზაფხული საკენში“, ნ. სანიშვილი, 1950), დევი („ცისკარა“, ს. ჭელიძე, 1955), სელიმ-ხანი („ბაში-აჩუკი“, ლ. ესაკია, 1956), თორნიკე („ამბავი ერთი ქალიშვილისა“, მ. ჭიაურელი, 1960), გიგია („პაპა გიგია“, ზ. გუდავაძე, 1960), ლევანტი („ჭიაკოკონა“, ი. ქავთარაძე, 1961), ბაქარი („ცეროდენა რაინდები“, ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1963), ალხასი („ვინ შეკაზმავს ცხენს“, შ. მანაგაძე, 1963), ბოცო („ზღვის შვილები“, კ. პიპინაშვილი, 1964), მგელიკა („ხევსურული ბალადა“, შ. მანაგაძე, 1965), პაპა ზვიადი („შეხვედრა მთაში“, ნ. სანიშვილი, 1966), ვაჭარი („ლონდრე“, თ. მელიავა, 1966), გიორგი („ცისკრის ზარები“, ყ. მგელაძე, 1967), დომენტი („განგაში“, ნ. სანიშვილი, 1968), მამა გერმოგენი („არ დაიდარდო!“, გ. დანელია, 1969), ბოდოკია („დიდოსტატის მარჯვენა“, ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), გერასიმე („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970), ჰაჯი („ჩერმენი“, ნ. სანიშვილი, 1970), კირილე („ჩარი-რამა“, ნ. სანიშვილი, 1972), კაც ზვამბაია („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973), ციციკორე („ნატვრის ხე“, თ. აბულაძე, 1976).
აღსანიშნავია, რომ კოტე დაუშვილს დიდი წვლილი მიუძღვის უცხოური ფილმების ქართულად დუბლირების საქმეში – გაახმოვანა 300-ამდე როლი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს კოტე დაუშვილის ხსოვნასა და დიდ ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში“,- ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.