გივი მიქანაძე: ზურაბიშვილის შემოთავაზება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით არ არის თანხვედრაში იმ რეკომენდაციებთან, რაც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა წარმოადგინა

“სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში იმ რეკომენდაციებთან, რაც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა წარმოადგინა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, თუ ვის თამაშს თამაშობს ის.

“ზურგის ქარად მოევლინა იმ რიგ რადიკალებს, ენჯეოებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაწერილი სცენარით ხელმძღვანელობენ. ეს ყველაფერი არ გამოუვიდა, რადგან ჩვენ ვაწესებთ იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია. დადგინდა კიდევ ერთხელ, რომ ორმაგი სტანდარტით არის მიდგომა. სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში იმ რეკომენდაციებთან, რაც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა წარმოადგინა. ანუ, თურმე მისი პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ, მერე რა, რომ ის არ არის შესაბამისობაში ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებთან და ჩვენი მოტივირებული, არგუმენტირებული პოზიცია, რომელიც ევროპულ სტანდარტზე უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს და აბსოლუტურად უზრუნველყოფს ობიექტური მიდგომის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას აბსოლუტური კონსენსუსის საფუძველზე, ეს თურმე წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ 9 პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციებთან. ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, თუ რას პოზიციონირებს სალომე ზურაბიშვილი, ვის თამაშს თამაშობს და რა მიზანს ემსახურება მთელი ეს კამპანია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელოვნურად არის აგორებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები