თეა წულუკიანმა გამოჩენილი ქართველი სოპრანოს – ლამარა ჭყონიას ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ლამარა ჭყონია იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (1956-1960 წწ.) შემდეგ წლებში – კიევის ოპერის თეატრის სოლისტი, ხოლო 1987 წლიდან 1992 წლამდე – თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი. იგი იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, კერძოდ, პრაღის გაზაფხულის (1960 წ.), სოფიის საერთაშორისო კონკურსის (ბულგარეთი, 1963 წ.), ტოკიოს ვოკალისტთა კონკურსის (იაპონია, 1967 წ.).
1995 -2011 წლებში ლამარა ჭყონია ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ესპანეთში. იგი იყო ქართული საოპერო რეპერტუარის დიდი ქომაგი და ევროპული საოპერო მუსიკის შესანიშნავი შემსრულებელი. მისი რეპერტუარი მოიცავდა კლასიკური საოპერო მუსიკის შედევრებს, როგორიც არის: ჩიო ჩიო სანი (პუჩინი, „ჩიო-ჩიო სანი“), ვიოლეტა (ვერდი, „ტრავიატა“), ლუჩია (დონიცეტი, „ლუჩია დი ლამერმური“), ტატიანა, იოლანტა (ჩაიკოვსკი, „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), როზინა (როსინი, „სევილიელი დალაქი“), მარგარიტა (ჰუნო, „ფაუსტი“), მანონ ლესკო (მასნე, „მანონ ლესკო“) და სხვა. წარმატებით ასრულებდა მაროს, ეთერის, მარიხის პარტიებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“. წარმატებით გამოდიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, ასევე, ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთის, ბულგარეთისა და იაპონიის საოპერო თეატრების სცენებზე.
ლამარა ჭყონია 14 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალეს მახათის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ლამარა ჭყონიას ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.