საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების ინფორმირების კამპანიაში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის

საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის. ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ყველაზე დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა თითქმის 90% ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო და დღემდე ელექტრონული აპარატების დემონსტრაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში ვახორციელებთ. ამ დროისათვის გავმართეთ 2 800-მდე შეხვედრა და უკვე 330 000-ზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული.

ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ჩვენს მოქალაქეებს, აძლევს შესაძლებლობას პირადად ნახონ და გამოცადონ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში. განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ მათი მაღალი ინტერესი, ჩართულობა და თანამშრომლობა ამ პროცესში.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ინტენსიური და ამ მასშტაბით ინფორმირების კამპანიის განხორციელება უპრეცედენტოა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს.

თანამშრომლობისა და ინფორმირების კამპანიის აქტიური ხელშეწყობისთვის გვინდა მადლობა ვუთხრათ ყველა იმ საჯარო თუ კერძო უწყებას, სადაც უკვე გავმართეთ საინფორმაციო შეხვედრა და იმიტირებული კენჭისყრა. ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც გამონახეს დრო და აქტიურად გაეცნენ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ სიახლეებს. არჩევნები საერთო საქმეა, მათი ჩართულობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მოდერნიზების პროცესში.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, აგრძელებს აქტიურ მუშაობას მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, ასევე ინტენსიურად გრძელდება ინფორმირების კამპანია. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს – გამოიყენონ ეს შესაძლებლობა – მიიღონ მონაწილეობა ინფორმირების კამპანიაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები