ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო.
გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან ელჩს ასევე გააცნო ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის შესახებ.
როგორც შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში სადამკვირვებლო მიმართულებით. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან ეტაპზე დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მრავალწლიან თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად გააგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.