მამუკა მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს ამ კვირაში დავაინიცირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტები ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან.

„როგორც ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ (და ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამაზე გამოხმაურება არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმების, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე) ჩვენ ამ კვირაში დავაინიცირებთ კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. როგორც იცით, ამ თემით ჩვენი ოპონენტები უკვე დაინტერესდნენ და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრენინგები ჩატარდა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში კი, არა უფლებები, არამედ სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა გახლდათ და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან წინასწარ გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე სხვა ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, იმისთვის, რომ მაგალითად არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში; რომ ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი არ ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში, დოლარი, რომლითაც მდიდარი „ენჯეოები“ ფინანსდებიან არ ავურიოთ რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი ფინანსდება და ა.შ.“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები