დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო სიმართლის თქმა, ვთქვით სიმართლე – ჩვენ ვთქვით ხალხის სათქმელი
“ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯები გადავდგით და ამით ვაჩვენეთ საზოგადოებასაც, რომ ეს არის რეალურად ქმედითი, ხალხთან ყველაზე ახლოს და სიმართლის ყველაზე ხმამაღლა მთქმელი დღეს უკვე პარტია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ხალხის ძალამ” როდესაც ყველაზე საჭირო იყო სიმართლის თქმა, ხალხის სათქმელი თქვა.
„ვფიქრობ, ჩვენ დრო არ გაგვიცდენია. როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო სიმართლის თქმა, როდესაც ყველაზე მეტი იყო ხიფათის რისკი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, სწორედ მაშინ ჩავერთეთ, ვთქვით სიმართლე, რომელიც ყურს თითქოს უჩვეულოდ ხვდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვთქვით ხალხის სათქმელი.
პოლიტიკა მაშინ დახურულ კულისებს მიღმა მიდიოდა და რისკები თანდათან იზრდებოდა, გამომდინარე რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან. ჩვენ ამ სიმართლით, საზოგადოების სიმართლით უზრუნველყოფით, თავად საზოგადოებამ დააზღვია, ქვეყანა რომ არ ჩართულიყო ომში, რომ ქვეყანაში გარე ძალების მხრიდან ინტენსიური მონდომებით არ ყოფილიყო დესტრუქციული ხაზი გატარებული და გარკვეული არეულობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.