დიმიტრი ხუნდაძე: ღირებულებითი აცდენა ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არ გვაქვს, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე სიმართლის თქმის ხარისხში ვერ შევთანხმდით, ამიტომ გამოვეყავით

“ღირებულებითი აცდენა ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არ გვაქვს, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ჩვენ სიმართლის თქმის ხარისხში ვერ შევთანხმდით, ამიტომ გამოვეყავით და ამან გაამართლა რადგან საზოგადოებას სჭირდებოდა ეს სიმართლე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ უახლოეს მომავალში რეგიონებში გასვლას დაიწყებს.

„როდესაც ჩვენ პოლიტიკურ გუნდად ჩამოვყალიბდით, საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც უნდა ჩამოვყალიბდეთ თითოეული დარგობრივი მიმართულებით, თუ რა არის მეტი გასაკეთებელი. ჩვენ საზოგადოებასთან უფრო მეტი სიახლოვით, უშუალოდ მათგან წამოვიღებთ თემებს. გარკვეული პროცედურული საკითხების ამოწურვის შემდეგ, უახლოეს კვირებში დავიწყებთ რეგიონებში გასვლას. საბოლოო ჯამში შევჯერდებით საზოგადოებასთან ერთად თუ რა არის ქვეყანაში უსწრაფესად, პრიორიტეტულად გასაკეთებელი, იმისთვის, რომ მეტი ეფექტი მივიღოთ. ჩვენ არ ვაპირებთ მცირე სეგმენტზე, მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეჟიმში ვიმუშაოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ შემდეგ პარლამენტში „ხალხის ძალა“ იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობით წარმოდგენილი. ჩვენ გვექნება მასშტაბური განაცხადი, მასშტაბური პროგრამა და შევეცდებით რომ ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი ჩვენს მხარეს მოვმართოთ. ძალიან რთული იყო როდესაც უსაფრთხოების ასეთი მაღალი რისკის ველში ქვეყანას შეენარჩუნებინა მშვიდობა, გარდა ამისა, ეკონომიკური წინსვლა განეხორციელებინა და არა ცალ ფეხზე მდგარიყო, არამედ უფრო მყარი სუვერენიტეტით ანგარიშგასაწევი ყოფილიყო მთელი მსოფლიოსთვის და ვფიქრობ, რომ დიდი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესიც ამ მოცემულობაში თანდათან უფრო მეტად იზრდება. სწორედ ეს არის მიზანი, რომ ქვეყანა მეტად მაღალი ხარისხის სუვერენიტეტით, თანასწორუფლებიანობის პრინციპით წარსდგეს პარტნიორებთან, მთავარი სამიზნე და გზამკვლევი კი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი იყოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები