ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი სახელმწიფო და რეგიონი კვლავაც წარმოადგენს ნატოს ინტერესს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
“ჩვენი სახელმწიფო და რეგიონი კვლავაც წარმოადგენს ნატოს ინტერესს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო ნატოსთვის ძალიან ახლო პარტნიორია.
„პირველი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო არის ძალიან ახლო პარტნიორი ნატოსთვის და როდესაც მავანნი, ქვეყნის შიგნით, გვეუბნებიან, რომ თანამშრომლობა არ გვაქვს, ეს საკითხი უბრალოდ თავიდან ბოლომდე გაქრა. არა მხოლოდ დღევანდელი ვიზიტით, ბევრი განცხადება გაკეთებულა როგორც ბრიუსელში, ასევე საქართველოში, როგორც ბატონი სტოლტენბერგის, ასევე, ბევრი სხვა ოფიციალური პირის მხრიდან. უბრალოდ მარტივად ვამბობ, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა არის მისასალმებელი, დადებითი და საქართველო მიიჩნევა ალიანსის ახლო მოკავშირედ.
ჩვენი სახელმწიფო და რეგიონი კვლავაც წარმოადგენს ნატოს ინტერესს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ყველას კარგად ესმის, თუ რამდენად დიდია უსაფრთხოების გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში შევინარჩუნოთ უსაფრთხოება“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.