შალვა პაპუაშვილი: ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა მისი და ქვეყნის თანადგომა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე
ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა მისი და ქვეყნის თანადგომა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ალბერტ ფრიკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შედგა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე, რაც პაპუაშვილის შეფასებით, “ძალიან მისასალმებელია”.
„ეს იყო განსაკუთრებული შეხვედრა, რადგან იყო პირველი შეხვედრა პარლამენტებს შორის. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე, იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს. ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა მისი და ქვეყნის თანადგომა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის ევროკავშირის წევრი. ის არის ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი. მათ, როგორც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანას, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატში. მან დაადასტურა, რომ აპრილში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ფორმატში იმართება და სადაც ლიხტენშტაინი და ჩვენ სტუმრად ვართ მიწვეული, ამ საკითხებზეც ექნება საუბარი თავის კოლეგებთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამ მხრივ, ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან. ამავე დროს, ლიხტენშტაინს გამოცდილება აქვს ევროპული კანონმდებლობის გადმოღების, 12 ათასი სხვადასხვა სამართლებრივი აქტი იყო იმპლემენტირებული აქაურ კანონმდებლობაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოცდილება გაგვიზიარონ, როგორ მოახდინეს ევროპული დირექტივების, თუ სამართლებრივი აქტების მიღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.