შალვა პაპუაშვილი: უცხოური ჯგუფების ინტერესების მიზანი იყო, „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმით გამორჩეული ორი ჯარისკაცი გარეთ ყოფილიყო, რათა რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ
უცხოური ჯგუფების ინტერესების მიზანი იყო, „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმით გამორჩეული ორი ჯარისკაცი გარეთ ყოფილიყო, რათა რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ.
„თავის დროზე, არც გიორგი ვაშაძეს გამოუვიდა, თითქოს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგა. ეს არც სხვა ჯგუფებს გამოუვიდათ, რომლებიც აჩვენებდნენ, თითქოს წინააღმდეგობაში იყვნენ. სინამდვილეში, ამ პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელ გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტს ერთადერთი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, რომელიც, თავის მხრივ, სრულად მართულია უცხოური პოლიტიკური ჯგუფებიდან და ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება, რომ ის რამენაირად დაიხსნან ციხიდან. ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, მას რამენაირად ისევ დაუბრუნონ ძალაუფლება, რათა გამოყენებული იყოს სხვა უცხოური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების მისაღწევად. ამიტომაც იყო ჩადებული ძალისხმევა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნისთვის.
ყველა ვხედავთ, საერთო მიზანი რა იყო. ნიკა მელიას შემთხვევაში, გვეუბნებოდნენ, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, ის გარეთ ყოფილიყო. ასევე ნიკა გვარამიას შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციას გამოიწვევსო, მაგრამ შედეგი უკვე ჩანს, მიზანი იყო – „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებული რადიკალიზმით გამორჩეული ორი ჯარისკაცი გარეთ ყოფილიყო, რათა რაღაც რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ. ამას საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მეტად ნახავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.