რუსეთში Mi-8 ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
მაგადანის რეგიონში, ჩრდილო-ევნის მუნიციპალიტეტში რუსული ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი და ოქროს მაღაროს 17 თანამშრომელი იმყოფებოდა.
შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურამ კატასტროფის მიზეზად ძრავის გაუმართაობა დაასახელა.
სისხლის სამართლის საქმე სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით აღიძრა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.