შალვა პაპუაშვილი – NGO-ების განცხადებაზე: აბსოლუტურად მიუღებელია, უცხოური ფული ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში იდებოდეს
აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადებაა, რომელშიც ხუთი „ენჯეო“ იყენებს ტერმინს – „კლანი“. ინსტიტუციაზე თავდასხმა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება და აქ დონორების პასუხისმგებლობა შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში.
„ამ ორგანიზაციების უკან შვედეთის განვითარების სააგენტო დგას, რომელიც აფინანსებს „გამჭვირვალობა-საქართველოს“, ასევე დგანან „ევროპის დემოკრატიული ფონდი“, „ამერიკის დემოკრატიის ფონდი“, USAID. ვფიქრობ, ამ დონორებს პასუხები აქვთ გასაცემი, მათი „ენჯეოები“ რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას.
აბსოლუტურად მიუღებელია, უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში. როცა ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან ის ორგანიზაციები, რომლებიც სრულად ფინანსდებიან უცხოეთიდან, ვფიქრობ, მათი დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა უკვე დღის წესრიგში. ეს ორგანიზაციები რას წარმოადგენენ, უკვე გასაგებია, გასაგებია მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც.
ხუთი ორგანიზაციიდან რამდენიმეს გაცხადებული აქვს უკვე საარჩევნო მიზნები. საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა. ცალკე პრობლემაა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მიზნები. თუმცა, რაც შეეხება მართლმსაჯულებაზე თავდასხმას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ტერმინის – „კლანის“ ასე გამოყენება არის ის საკითხი, რომელსაც დონორებმა პასუხი უნდა გასცენ. მათი მოქალაქეების ფული რატომ იდება სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის ძირის გამოთხრაში. ეს ეწინააღმდეგება პარტნიორი ქვეყნის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტის ძირის გამოთხრისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.