ვახტანგ ჭარაია: როდესაც ინფლაცია იკლებს, ეროვნულ ბანკს და ეკონომიკას ეძლევა შესაძლებლობა, გააიაფოს სესხები, რითაც ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტიურობას
იმ რესურსით, რა რესურსიც ამ წუთას გვაქვს, საკმაოდ ნორმალურად მივიწევთ წინ, თუმცა, ახალი რეფორმებიც არის განსახორციელებელი. უამრავი რამ არის, რაც შეიძლება კიდევ გაკეთდეს, – ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„წინა წლებში ძალიან მაღალი ინფლაცია გვქონდა. როდესაც ინფლაცია გაქვს მაღალი, რეფინანსირების განაკვეთი არის ინსტრუმენტი იმის, რომ ის ინფლაცია კიდევ არ გაგექცეს, მაგრამ როდესაც ინფლაცია იკლებს, ეროვნულ ბანკს, ზოგადად ქვეყანას და ეკონომიკას ეძლევა შესაძლებლობა გააიაფოს სესხები, რითაც ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტიურობას. ეს ქმნის როგორც ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე შესაძლებლობას, რომ ბიზნესს უფრო მეტი დაკვეთა გაუჩნდეს. საბოლოო ჯამში ეს აჩქარებს ეკონომიკას და მას უფრო დინამიკურს ხდის, რაც ჩვენს შემთხვევაში ახლა ნამდვილად ხელსაყრელი მომენტია. ის სხვადასხვა პარამეტრი, რომელიც გასაუმჯობესებელია, პირდაპირ არის მიბმული საპროცენტო განაკვეთთან. კომპანიები არ აიღებენ სესხს, რომლის გასტუმრებაც არ შეეძლებათ, მაგრამ როდესაც პროცენტი იაფდება და შესაძლებლობა ჩნდება, რომ ბიზნესმენმა უფრო მეტი სესხი აიღოს, რომელიც მიმართულია წარმოების განვითარებაზე და ექსპორტის წახალისებაზე, რა თქმა უნდა ის ამას აკეთებს. ამით ქვეყანა იგებს, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ჩნდება საბიუჯეტო შემოსავლები“, – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.