მაკა ბოჭორიშვილი – კეზერაშვილზე: რთული საყურებელია, როდესაც დამნაშავეები ცხოვრობენ ისე, რომ არ ხდება არანაირი შემაკავებელი ზომების გამოყენება
,,რთული საყურებელია, როდესაც დამნაშავეებს ვხედავთ როგორ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში ან ცხოვრობენ ისე, რომ არ ხდება არანაირი შემაკავებელი ზომების გამოყენება მათთან მიმართებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტები არ უნდა არსებობდეს.
„იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრები იქნება, რადგან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს, სამართლის აღსრულებას. როდესაც ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებზე ვსაუბრობთ, აქ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტები გვქონდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები (დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ) მართლმსაჯულებას თავს არიდებენ და მათ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნიდან ქვეყანაში. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ დამოკიდებულებაში რაღაც ცვლილებები იქნება და აშშ-ის ეს გადაწყვეტილებაც ხელს შეუწყობს გადაფასებას იმ დამოკიდებულებებისას, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანებთან მიმართებაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.