ანრი ოხანაშვილი: მიმდინარეობს კამპანია, თითქოს, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილი ხდება
დიდი ხანია, მიმდინარეობს კამპანია, თითქოს, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მოწამლეს და უფლებები აქვს შეზღუდული, სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილი ხდება,- ამის შესახებ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა
განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.
„სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილი ხდება და მათი მხრიდან არაერთი არაობიექტური განცხადება მოვისმინეთ. მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აცხადებენ მაშინ, როდესაც დადასტურებულად აღიარებულია, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, იხდის სამართლიან სასჯელს არა ციხეში ამ ეტაპზე, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს დეზინფორმაციის კამპანია დიდი ხანია, წარმოებს და სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციის კამპანიას უკრაინის ომში მყოფი ქვეყანა უერთდება. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ, ჩვენი ქვეყანა, საზოგადოების ინტერესები ხდება თავდასხმის ობიექტი უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან. ამ დეზინფორმაციულ კამპანიასაც წერტილი უნდა დაესვას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს სწორედ იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებას, რომ ევროპიდან, უკრაინიდან და სხვა კონკრეტული ორგანიზაციებიდან მიღებული გზავნილებით შემდგომ ზურაბიშვილმა თავი იმართლოს, რატომ გახდა საჭირო სააკაშვილის შეწყალება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.