მათიკაშვილი – კეზერაშვილზე: კარგი იქნება, თუ საქართველოს გადმოსცემენ, ის აქ სათანადოდ გასამართლდება
“კარგი იქნება, თუ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, დავით კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კეზერაშვილის დანაშაულები უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ფულის გათეთრებაა.
„როგორც ვიცით, აშშ-მა დავით კეზერაშვილი თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა. უარის მიზეზი ის იყო, რომ კეზერაშვილი მხილებული და ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებში. მან თავის გასამართლებლად გასაჩივრების უფლებით ისარგებლა და სასამართლოშიც კი უჩივლა შეერთებულ შტატებს. მისი დანაშაულები უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ფულის გათეთრებაა. ის საქართველოში გასამართლებულია უმძიმესი დანაშაულებისთვის. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ კეზერაშვილი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და ამ ნაძარცვი ფულით ის რადიკალურ ოპოზიციას და მის გაგრძელება მედიასაშუალებებს აფინანსებს. კარგი იქნება, თუ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.