ირაკლი ქადაგიშვილი – კეზერაშვილისთვის აშშ-ის ვიზაზე უარის შესახებ: კარგი იქნება, თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, რომლის პენსიონერებსაც მანიპულაციური სქემებით სძალავდნენ ფულს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კეზერაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სამართლებრივი საფუძველი საკმაოდ გამოკვეთილია და, ალბათ, ამაზე დაყრდნობით უთხრა ვიზაზე უარი აშშ-მა.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ აშშ-ს ევროპის ის ქვეყნებიც მიბაძავენ, რომლის პენსიონერებსაც მანიპულაციური სქემებით სძალავდნენ ფულს.
“ქართული სასამართლო და მათ შორის, საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო ძალიან ინტენსიურად არის ჩართული, სწორედ იძიებს და ედავება კეზერაშვილს უკანონო გზით ადამიანებისაგან ფულის გამოძალვას და ამან უკვე ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო. ეტყობა, უკვე სამართლებრივი საფუძვლები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ გამოკვეთილია. აქედან გამომდინარე, მფიქრობ ამიტომ მიიღო აშშ-მა ეს გადაწყვეტილება. იქ მითითება სწორედ ფულის გათეთრებაზეა, რაც აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება. კარგი იქნება, თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, რომლის პენსიონერებსაც ასეთი მანიპულაციური სქემებით სძალავდნენ ფულს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.