გურამ მაჭარაშვილი: თუ “გლობალური ომის პარტია” ზურაბიშვილს შეაწყალებინებს სააკაშვილს, ჩავთვლით, რომ ეს არის პირდაპირი ცეცხლის გახსნა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური ძალების მხრიდან
“ხალხის ძალის” წევრ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილს შეაწყალებინებენ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ უცხოური ძალები საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ცეცხლს უხსნიან.
“რასაც ვაკვირდებით, უცხოური ძალები და “გლობალური ომის პარტია” არ ისვენებს და დრო და დრო აანონსებს პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს. 2008 წლის ომში, პატიმარი სააკაშვილი იყო აღმასრულებელი “გლობალური ომის პარტიის” გადაწყვეტილების, რომელმაც უზრუნველყო პროვოცირება და ამის საჯარო მტკიცებულებებიც არსებობს. მაილსის განცხადება, სარკოზის განცხადება, აქაური მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და რეზოლუცია, სადაც პირდაპირ, “ნაცმოძრაობამ” ხელმოწერით აღიარა, რომ თურმე საქართველომ დაბომბა ცხინვალი, რასაც მოჰყვა რუსეთის შესაბამისი რეაქცია.
თუ “გლობალური ომის პარტია” კიდევ არ მოისვენებს და ზურაბიშვილს შეაწყალებინებს პატიმარ სააკაშვილს, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პირდაპირი ცეცხლის გახსნა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური ძალების მხრიდან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.