გიორგი ვოლსკი: არახამიამ არ იცის, რა სისულელეებს მიედ-მოედება
“რა გაცვლაზეა ლაპარაკი? არახამიამ არ იცის,რა სისულელეებს მიედ-მოედება – როგორ შეიძლება, გაგიჩნდეს სურვილი, უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში არათუ ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, არახამიას განცხადება უტიფრულია.
“იმდენად უტიფარი განცხადებაა, რომ ძალიან ძნელია პასუხი გასცე. პირველ რიგში, სააკაშვილი დამნაშავეა. რუსეთი რა შუაშია? საქართველოში აქვს სისხლიც დაღვრილი, ფულიც მოპარული და ადამიანის უფლებები გადათელილი ფეხით, იარაღით და რითაც შეეძლო. ამ სისტემას მართავდა და ეს მართვის სისტემა დანერგა. რა შუაშია? რუსეთმა რა უნდა გითხრას ამ შემთხვევაში, არ მისცეო უკრაინას?! როგორ შეიძლება, გაგიჩნდეს სურვილი, უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში თავის პარტიაში მიემართება და არათი ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ. ისინი ტაშს უკრავენ. რა გაცვლაზეა ლაპარაკი? რა სისულელეებს მიედ-მოედება არ იცის. მეორე – დადასტურებულია, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. შავი ხვრელი თუ უნდა ეძებოს არახამიამ სადმე, თავისთან უნდა ეძებოს, თავის ქონებაში უნდა ეძებოს შავი ხვრელი და იმ სიტუაციაში, რომელმაც თვითონ შექმნა თავის გარშემო”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დავით არახამიამ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა: “ვთვლით, რომ მათ უკანონოდ ჰყავთ დაკავებული უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა ის გაგვეთავისუფლებინა, ან გაგვეცვალა, მოსკოვთან კონსულტაციის შემდეგ და ამას ადასტურებს ჩვენი დაზვერვა, ისინი არ იღებენ დასტურს, ან ნებართვას ამის გაკეთებაზე და ამიტომ, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გავათავისუფლოთ სააკაშვილი. ეს არის ძალიან ნელი მცდელობა მოკლან ბატონი სააკაშვილი”.