გიორგი კახიანი – ადეიშვილზე: მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ პიროვნება, რომელიც მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული, შეხვედრებს მართავს გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში, ოფიციალურ პირებთან
,,რა თქმა უნდა, მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ პიროვნება, რომელიც მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული, შეხვედრებს მართავს გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში, ოფიციალურ პირებთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა ყოფილ პროკურორ ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის და გერმანიის საელჩოს განმარტებები გაუგებარი იყო.
,,გაუგებარი იყო ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოების განმარტებებიც, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულება და შეხვედრები დიდ აღშფოთებას იწვევს, რადგან ადეიშვილი ის ადამიანი იყო, ვინც მძიმე სისტემა შექმნა, რომელმაც საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ვინც ცდილობს, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები დაამძიმოს, მათ ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ევროპულმა სტრუქტურებმაც შესაბამისად უნდა იმოქმედონ. სწორი იქნება, როცა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირი საქართველოს გადმოეცეს და მან მსჯავრი სწორედ საქართველოში უნდა მოიხადოს,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.