თეა წულუკიანი მესხეთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ 14 140 000 ლარი გამოყო.
„რეაბილიტაციის პროცესს ასევე გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი; სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ 14 140 000 ლარი გამოყო.
მესხეთის თეატრში მოეწყობა ორი დარბაზი. მცირე დარბაზი – 100, ხოლო დიდი დარბაზი 500 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. სრულად განახლდება როგორც თეატრის შიდა სივრცე, ისე – შენობის ფასადი, მოპირკეთდება თეატრის ეზოც. თეატრში საგასტროლოდ/სამუშაოდ ჩასული რეჟისორებისა და მსახიობებისთვის მოეწყობა რვა სასტუმრო ოთახი, შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. თეატრს ასევე ექნება თავისი კაფე, რომელიც თავის მხრივ უმასპინძლებს შემოქმედებით პროექტებს.
თეატრის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.
სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალციხის სალოტბარო სკოლა მესხეთის თეატრის ახალი შენობის გახსნის შემდეგ იქ შეძლებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას, რაც თეატრის შენობას ხელს შეუწყობს, იქცეს კულტურის მრავალფეროვან კერად. ახალციხის სალოტბარო სკოლა დაფუძნდა 2019 წელს. იქ ახალგაზრდებთან მუშაობს ორი ადგილობრივი სპეციალისტი – რეგენტი ქეთევან კოპაძე და ლოტბარი ზაზა თამარაშვილი. დღეისთვის ახალციხის სალოტბარო სკოლაში 38 მოსწავლეა რეგისტრირებული.
კულტურის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ხელოვნების კერების ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლებას, რაც ხელს უწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ხელოვნების ნიმუშებს ხელმისაწვდომს ხდის ფართო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.