“რუსეთი ცდილობს, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არჩევნების წინ მოკავშირეები ერთმანეთს გადაკიდოს” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუმინიტა ოდობესკუს განცხადებით, რუსეთი აძლიერებს დეზინფორმაციულ თავდასხმებს დემოკრატიების წინააღმდეგ და ცდილობს, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არჩევნების წინ მოკავშირეები ერთმანეთს გადაკიდოს.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან საუბარში თქვა.

მინისტრის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსულ დეზინფორმაციასთან “კოორდინირებულად და გონივრულად” უნდა იბრძოლონ.

„რუსეთი ცდილობს ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გამოწვევას, ისინი მდგრადობაზე გამოსცადოს და დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, როგორც პირდაპირ, ისე, მარიონეტების მეშვეობით“, – აღნიშნა რუმინელმა მინისტრმა.

ოდობესკუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანს ლიდერებს შორის შეხედულებებში “ბუნებრივი” განსხვავებების მიუხედავად,უკრაინის გამარჯვების საერთო მიზნის მიღწევის გადაწყვეტილება უნდა ჭარბობდეს.

მისი თქმით, თუ ეს არ მოხდა, აღნიშნული წაახალისებს სხვა ავტორიტარულ ლიდერებს დაუპირისპირდნენ საერთაშორისო წესრიგს.

„ჩვენ უნდა გავცდეთ საარჩევნო კამპანიების მესიჯებს და არასტაბილურობის დროს, როდესაც ჩვენი ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა შეუცვლელია“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები