“ევროკავშირმა აფხაზეთის მხარდასაჭერად და ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის 180 მილიონი ევრო დახარჯა ” – ტოივო კლაარი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი აცხადებს, რომ “ევროკავშირი 15 წელზე მეტია აფინანსებს მნიშვნელოვან პროგრამებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად. ეს ძირითადად ხდება აფხაზეთში მყოფი პარტნიორების მეშვეობით, როგორიცაა გაერო-ს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება”.

ამის შესახებ მან Jam-news-თან საუბარში თქვა.

ტოივო კლაარი ამბობს, რომ “ეს პროგრამები მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს და სხვა. ეს არის, ასევე, პროექტები, რომლებიც დაკარგული ადამიანების მოძებნისკენ არის მიმართული და ასაფეთქებელი მოწყობილობების განეიტრალებისკენ. ჩვენი მონაწილეობა მოიცავდა არა მხოლოდ ინტერაქციას საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, არამედ, ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორების წარმომადგენლებთან“.

რაც შეეხება ამ მიზნებისთვის დახარჯულ კონკრეტულ თანხებს, ტოივო კლაარი ამბობს, რომ “2008 წლიდან მოყოლებული, სულ, დაახლოებით, 80 მილიონი ევრო დაიხარჯა ამ პროგრამებზე. ეს ყველაფერი გამჭვირვალობის საფუძველზე ხდებოდა და ამის შესახებ იცოდნენ როგორც თბილისში, ისე სოხუმში. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, ასევე, აღვნიშნო დამატებითი თანხა – დაახლოებით, 100 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა სესხებისა და გრანტების სახით ენგურჰესის შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე გამოყო. ამის გარეშე დღეს აფხაზეთში შუქი არ იქნებოდა. და სხვათა შორის, სესხებს იხდის ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობა, ანუ ის, ასევე, მნიშვნელოვანად უჭერს მხარს აფხაზეთის ენერგომომარაგებას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა მიზნად ისახავს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით, აფხაზურ ენას, ისტორიულ არქივებს, კოლხური ბზის და თუნდაც, აფხაზური ღვინოების გადარჩენას,” – აღნიშნა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები