პრინცესა სალომე დადიანი-მიურატის რელიკვარიუმი აღდგენილია
პრინცესა სალომე დადიანი-მიურატის რელიკვარიუმს ურთულესი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა – ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„მორიგი სასიხარულო ამბავი ზუგდიდის დადიანების სასახლიდან. თქვენ წინაშეა უნიკალური ექსპონატი: პრინცესა სალომე დადიანი-მიურატის რელიკვარიუმი: ხის შესანიშნავი კარადა სადაც სამეგრელოს მთავრის ასული ძვირფას ნივთებს ინახავდა…
ეს ექსპონატი 6 თვის წინ უმძიმეს მდგომარეობაში წამოვიღეთ ზუგდიდიდან, დაშლილი, ჭიებისაგან შეჭმული, სინესტესა და სიბნელეში „შენახულს” დამპალი ჰქონდა ხის საფუძველი, დაკარგული იყო მისი ქვედა ნაწილი და ამ უკანასკნელის იერსახე მხოლოდ აკაკი ჭანტურიას არქივში შემორჩენილი ფოტოებიდან ვიცოდით, სამწუხარო და სავალალოა, რომ ეს ძვირფასი ნივთი სასახლის ნულოვან სართულზე ათეულობით წელი ასეთ მდგომარეობაში ინახებოდა, და რომ არა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ძალისხმევა, მისი გადარჩენა რამდენიმე თვეში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.
ხელოვნების სასახლის რესტავრატორთა ჯგუფმა ირაკლი ზამბახიძის უშუალო ჩართულობით წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა, რელიკვარიუმის გადარჩენილ ნაწილს ჩაუტარდა ურთულესი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაკარგული სადგამის იდენტური კი ფოტოების მიხედვით დამზადდა…
მადლობა მუზეუმის დირექტორს დავით ოყუჯავას და ეთნოგრაფიის ფონდის მცველ ლალი ჭითანავას, რომელთა ინიციატივითა და მონდომებით შესაძლებელი გახდა სარესტავრაციო პროცესის დაწყება. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვიყო ამ დიდი, ისტორიული პროცესის მონაწილე!
კიდევ ერთხელ განუსაზღვრელი მადლობა ყველას ამ დიდი ეროვნული საქმის მხარდაჭერისათვის“, – წერს გიორგი კალანდია.